Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ამ ეტაპზე რუსეთს არ დაუწესა ახალი სანქციები


ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთს ამ ეტაპზე არ დაუწესოს ახალი სანქციები უკრაინის კრიზისის გამო და განაცხადა, რომ ადგილზე ვითარება „არაერთგვაროვანია“. 28-წევრიანი ბლოკის ელჩებმა ეს საკითხი ბრიუსელში 1 ივლისს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. თუმცა ასევე ვრცელდება ევროკავშირის დიპლომატების სიტყვები - რომ ბლოკის ქვეყნების მთავრობათა გადაწყვეტილებით, „სანქციების დაწესებისთვის მზადება უფრო ინტენსიური გახდება“. გავრცელებული ცნობებით, ევროკავშირი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხის განხილვას 7 ივლისს დაუბრუნდება. ევროკავშირის ლიდერებმა 27 ივნისს რუსეთს სამი დღე მისცეს უკრაინასთან მიმართებით გატარებული პოლიტიკის შესაცვლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს სანქციების გამკაცრება ემუქრება. ამ ეტაპისთვის ევროკავშირს დაწესებული აქვს სანქციები, რომლებიც რუსეთსა და უკრაინაში 60-მდე პირს ეხება და ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და ვიზების აკრძალვას. სანქციები ასევე შეეხო ყირიმში მოქმედ ორ ენერგეტიკულ კომპანიას.

XS
SM
MD
LG