Accessibility links

logo-print

ვენაში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის და ირანის საგარეო ლიდერებს შორის


ვენაში, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, კეთრინ ეშტონს და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯავად ზარიფს შორის. ვენაში დღეს დაიწყო მოლაპარაკების ახალი რაუნდი, რომლის დროსაც ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები შეეცდებიან დათქმულ ვადამდე, 20 ივლისამდე მიაღწიონ სიღრმისეულ შეთანხმებას. ეშტონის პრესმდივნის, მაიკლ მანის განცხადებით, ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე სუფევს „სამუშაო, ძალიან სერიოზული, ძალიან მიზანსწრაფული“ განწყობა. მისი თქმით, ყველა მხარე მზად არის რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, გააგრძელოს მოლაპარაკება, რათა კარგი შეთანხმება იყოს მიღწეული. აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ბრიტანეთს და გერმანიას სურთ ირანმა შეამციროს თავისი ბირთვული პროგრამის მასშტაბი, რათა გაიფანტოს შიში, რომ თეირანი შესაძლოა ბირთვული იარაღის განვითარებას ცდილობდეს. ირანი, რომელსაც გაეროს და დასავლეთის სანქციები ეხება, აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. პარალელურად, ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს მთავარი წარმომადგენელი, ნავი პილაი აცხადებს, რომ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებმა ადამიანის უფლებების საკითხებიც უნდა მოიცვას.

XS
SM
MD
LG