Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი და პრემიერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ამერიკელ ხალხს


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს. 4 ივლისს მარგველაშვილმა და ღარიბაშვილმა მისალოცი წერილები გაუგზავნეს აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. „ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 238-ე წლისთავს“ - ნათქვამია მარგველაშვილის წერილში. პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნის მხარდაჭერისათვის. პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში კი ვკითხულობთ, რომ აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი მოკავშირე და უახლოესი პარტნიორია, რადგან ორი ქვეყნის მეგობრობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს სახით გყავთ საიმედო და ერთგული პარტნიორი. მჯერა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.

XS
SM
MD
LG