Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესმა ლიდერმა ბირთვულ მოლაპარაკებაში მოთხოვნები წამოაყენა


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამეინიმ განაცხადა, რომ ირანს 190,000 ბირთვული ცენტრიფუგა სჭირდება - ცხრამეტჯერ მეტი, ვიდრე ვაშინგტონს სურს, რათა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში შეიზღუდოს ირანის ბირთვული აქტივობა. ხამეინიმ ეს განცხადება თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა. ანალიტიკოსების შეფასებით, უზენაესი ლიდერის განცხადება წარმოადგენს ძლიერ ჩარევას ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში, რომელიც ვენაში მიმდინარეობს ერთი მხრივ ირანს, მეორე მხრივ კი ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, აშშ-ს და გერმანიას შორის. ცენტრიფუგები გამოიყენება ურანის გასამდიდრებლად - რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება მოხმარდეს როგორც სამოქალაქო ბირთვულ პროგრამებს, ისე იარაღისთვის გამოსადეგ მასალებს. სხვა განცხადებაში ხამეინიმ აშშ-ს და ისრაელს ბრალი დასდო „კარგი და ცუდი პოლიციელების“ სტერეოტიპული როლების შესრულებაში, რათა მისი ქვეყანა აიძულონ კომპრომისზე წავიდეს. ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკების ბოლო, გადამწყვეტი რაუნდი ვენაში 3 ივლისს დაიწყო და მიზნად ისახავს გადაწყვეტილების დათქმულ ვადამდე, 20 ივლისამდე მიღებას.

XS
SM
MD
LG