Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. მან ედუარდ შევარდნაძეს საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე უწოდა. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვთან, აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან და სახელმწიფო მდივან ჯორჯ შულცთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებაში, ბირთვული კონფრონტაციის რისკი შეამცირა და ახალი სიცოცხლე შესძინა მოლაპარაკებებს განიარაღების საკითხებზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ედუარდ შევარდნაძე ეწინააღმდეგებოდა ე.წ. მკაცრი კურსის მომხრეებს და უარი თქვა ძალის გამოყენებაზე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, რომლებიც იმ პერიოდში იწყებდნენ პოლიტიკურ-ეკონომიკურ რეფორმებს. ჯონ კერის განცხადებით, ედუარდ შევარდნაძემ, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მეორე პრეზიდენტმა, ხელი შეუწყო იმ პერიოდში სუსტი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას და სწორედ მან დააყენა საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე. „დღეს, როცა საქართველო მისი ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის ცხოვრებას იხსენებს, აშშ ყველა ქართველს მოუწოდებს, კვლავაც უერთგულონ ერთიან და დემოკრატიულ საქართველოს“ - ნათქვამია ჯონ კერის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG