Accessibility links

ობამა ავღანელებს მოუწოდებს, ნუ მიმართავენ ძალადობას არჩევნების შედეგის გამო


თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატ აბდულა აბდულასთან საუბარში განაცხადა, რომ „არა აქვს გამართლება ძალადობას, ან არაკონსტიტუციურ ზომებს“ არჩევნების გაყალბების ბრალდების გამო, რომლითაც აბდულა გამოდის. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯოშ ირნესტის თქმით, ობამამ აბდულა გააფრთხილა, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ავღანეთი დაკარგავდა შეერთებული შტატებისაგან ფინანსურ და უსაფრთხოების სფეროში დახმარებას. ასევე ჯოშ ირნესტის თქმით, არჩევნების გაყალბების ბრალდება, რომლითაც აბდულა გამოდის, ჯერ სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული. აბდულამ 8 ივლისს ქაბულში, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას თავი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა და დასძინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მისი მეორე ადგილზე გასულად გამოცხადება გაყალბების შედეგია. წინასწარი შედეგებით გამარჯვებულად გამოცხადდა აბდულას მეტოქე, აშრაფ ღანი. ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიმა 22 ივლისი დაასახელა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების ბოლო ვადად. პრეზიდენტის ინაუგურაცია 2 აგვისტოს გაიმართება.

XS
SM
MD
LG