Accessibility links

ზურაბ აბაშიძე: რუსეთს სურს „შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება“


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთს სურს „შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება“ მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ამის შესახებ აბაშიძემ განაცხადა პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ. ცნობების თანახმად, კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების თემაზე კითხვები ამოწურული არ არის და მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, ხომ არ ემუქრება რუსეთი საქართველოს - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ზურაბ აბაშიძემ ასე უპასუხა: „ამ შემთხვევაში მუქარაზე არ არის საუბარი. როგორც რუსეთი აყენებს საკითხს, ეს არის შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება და მათი მინიმიზირების მცდელობა“. ჩვენს რადიოსთან საუბარში, აბაშიძემ ჩამოთვალა პრაღაში განხილული სხვა საკითხებიც: სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარული თემები, რომლებზეც აბაშიძე და კარასინი მსჯელობენ მას შემდეგ, რაც 2012 წლის ბოლოს შეიქმნა მათი შეხვედრების ფორმატი. ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის მხარემ წარმოადგინა წინადადება, რომ წელს, 15 სექტემბრიდან აღდგეს რეგულარული ავიარეისები მოსკოვსა და თბილისს შორის. აბაშიძე ვარაუდობს, რომ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მოელის ეს გეგმა განხორციელდება.

XS
SM
MD
LG