Accessibility links

logo-print

აშშ-ის წარმომადგენელი: ავღანეთში კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას


ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, ჯეიმს დობინსი აცხადებს, რომ ავღანეთის პრეზიდენტობის მეტოქე კანდიდატებმა კოალიციური მთავრობა უნდა შექმნან, რათა ქვეყნის დაყოფა იქნას თავიდან აცილებული. სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს დობინსის სიტყვებს, რომლებიც მან ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე წარმოთქვა - ავღანეთში არ მუშაობს ისეთი სისტემა, რომელშიც გამარჯვებულს ერგება ყველაფერიო. „ეროვნული ერთიანობის მთავრობა, რომელიც ყველა ელემენტს მოიცავს, ჩვენი აზრით წარმატებული მთავრობის ფორმირების წინაპირობააო“, დასძინა დობინსმა. ავღანეთში 7 ივლისს წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ კონფლიქტია პრეზიდენტობის ორ კანდიდატს, აბდულა აბდულასა და აშრაფ ღანის შორის იმის თაობაზე, თუ ვინ გავიდა პირველ ადგილზე. აბდულა თვლის, რომ მან გაიმარჯვა და აცხადებს, რომ შედეგები, რომელთა თანახმად პირველ ადგილზე ღანი გავიდა, დაახლოებით ერთი მილიონი მეტი ხმით, გაყალბების შედეგია. 11 ივლისს კრიზისის განხილვის მიზნით ქაბულში ჩავა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი.

XS
SM
MD
LG