Accessibility links

logo-print

რუსეთი აპროტესტებს უკრაინის საზღვართან მომხდარ ინციდენტს


მოსკოვის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს ებრძვიან, ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს. 10 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო უწყება „ძლიერ პროტესტს“ გამოთქვამს და მოითხოვს რუსეთის ტერიტორიისათვის ჭურვების დაშენის შეწყვეტას. განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ გუკოვოს სასაზღვრო პოსტი პირველად არ გამხდარა ცეცხლის სამიზნე. ამასობაში, უკრაინის სამხედრო წარმომადგენელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა კონტროლი აღადგინეს სლავიანსკის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სივერსკზე მას შემდეგ, რაც იქიდან მეამბოხეები გაიქცნენ. სელეზნიოვი აცხადებს ასევე, რომ 10 ივლისს მეამბოხეებმა ჭურვები დაუშინეს ჯარისკაცებს, რომლებიც დონეცკის აეროპორტს იცავენ. ამ წყაროს ცნობით, სეპარატისტების თავდასხმა მოგერიებულ იქნა.

XS
SM
MD
LG