Accessibility links

ვაშინგტონი განმარტებას აკეთებს ავღანეთის შესახებ დიპლომატის განცხადებაზე


ვაშინგტონი განმარტებას აკეთებს ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენლის, ჯეიმს დობინსის განცხადებაზე, რომელიც თითქოს მიანიშნებს, რომ ვაშინგტონს სურს, ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა კოალიციური მთავრობა შექმნან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჯინ პსაკიმ 10 ივლისს განაცხადა, რომ ავღანეთის მომდევნო პრეზიდენტზეა დამოკიდებული მთავრობის შემადგენლობის განსაზღვრა. როგორც პსაკი აღნიშნავს, შეერთებული შტატების მთავრობას "სურს იხილოს ერთიანი ავღანეთი და სურს ავღანელი ხალხის ერთიანობა". მანამდე, 9 ივლისს სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა დობინსის სიტყვები, რომლებიც მან ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე წარმოთქვა - ავღანეთში არ მუშაობს ისეთი სისტემა, რომელშიც გამარჯვებულს ერგება ყველაფერიო. „ეროვნული ერთიანობის მთავრობა, რომელიც ყველა ელემენტს მოიცავს, ჩვენი აზრით წარმატებული მთავრობის ფორმირების წინაპირობააო“, დასძინა დობინსმა. ავღანეთში 7 ივლისს წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ კონფლიქტია პრეზიდენტობის ორ კანდიდატს, აბდულა აბდულასა და აშრაფ ღანის შორის იმის თაობაზე, თუ ვინ გავიდა პირველ ადგილზე. აბდულა თვლის, რომ მან გაიმარჯვა და აცხადებს, რომ შედეგები, რომელთა თანახმად პირველ ადგილზე ღანი გავიდა, დაახლოებით მილიონზე მეტი ხმით, გაყალბების შედეგია. 11 ივლისს კრიზისის განხილვის მიზნით ქაბულში ჩავა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი.

XS
SM
MD
LG