Accessibility links

logo-print

საქართველოს ფინანსთა მინისტრი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში არსებული ვითარება და დარგის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილა. შეგახსენებთ: მიმდინარე წლის იანვარ-მაისში გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 13 პროცენტით არის გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა, საიდანაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი - 28,5- პროცენტიანი ზრდა - სამშენებლო სექტორს უკავია. ამასთან, 21 პროცენტით არის გაზრდილი ოპერაციები უძრავი ქონებითა და იჯარით.

საინტერესოა სამშენებლო სექტორთან დაკავშირებული სხვა მაჩვენებლები, კერძოდ, სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, განხორციელებული ინვესტიციები, სექტორზე გაცემული საბანკო სესხები, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების როლი სექტორის განვითარებაში.

სამშენებლო სექტორის ზრდის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორად სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურული დანახარჯების ზრდა სახელდება. 2014 წლის ორი კვარტალის მონაცემებით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრომ დაგეგმილი 452 მლნ ლარიდან 305 მლნ აითვისა, რაც გეგმის 67- პროცენტიანი შესრულებაა. გეგმის შეუსრულებლობის მიუხედავად, ხარჯვის აღნიშნული მაჩვენებელი 36 პროცენტით აღემატება 2013 წლის და 45 პროცენტით 2012 წლის მაჩვენებლებს.

2014 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, სამშენებლო სექტორში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 3 პროცენტით გაიზარდა და 40,480 ადამიანი შეადგინა. თუმცა, 2013 წლის მეოთხე კვარტალს თუ შევადრით, სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 22 პროცენტით არის შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, წინა წლის მეორე ნახევარში სახელმწიფოს მხრიდან საინვესტიციო პროექტების განხორციელების გააქტიურებას უნდა დავუკავშიროთ. პირველი კვარტალის მდგომარეობით, დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16 პროცენტით არის გაზრდილი და 995 ლარით განისაზღვრა, თუმცა, 2013 წლის ბოლოსთან შედარებით, ანაზღაურება შემცირებულია 15 პროცენტით.

კრიზისის შემდგომი ჩავარდნის შემდეგ გააქტიურებულია სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. 2014 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, უცხოურმა ინვესტიციებმა 5.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა მთლიან ინვესტიციებში სამშენებლო სექტორის წვლილი მხოლოდ 2 პროცენტია.

21 პროცენტით არის გაზრდილი კომერციული ბანკების მიერ სამშენებლო სექტორში გაცემული სესხების მაჩვენებელი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გაცემული სესხების 60 პროცენტი რეზიდენტ ფიზიკურ პირებზეა გაცემული და ზრდაც სწორედ მათზე მოდის, კომერციული ბანკების მიერ მიმდინარე წლის პირველი 5 თვის განმავლობაში იურიდიულ პირებზე სამშენებლო სექტორში გაცემული სესხების მოცულობა კი 26 პროცენტით არის შემცირებული.

ფიზიკური პირების მხრიდან სესხებზე მოთხოვნის ზრდა უმეტესად ეროვნული ბანკის აკომოდაციურმა პოლიტიკამ და შერბილებულმა საპროცენტო განაკვეთებმა განაპირობა.

XS
SM
MD
LG