Accessibility links

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ალიბეგაშვილი აირჩიეს


თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი ალიბეგაშვილი აირჩიეს. პროფესიით ფილოლოგი გიორგი ალიბეგაშვილი, რომელიც 1990 წლიდან ბოლო დრომდე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მმართველი კოალიციის საარჩევნო სიის მესამე ნომერი იყო. თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს დღევანდელ, პირველ სხდომაზე გიორგი ალიბეგაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 37-მა დეპუტატმა 8-ის წინააღმდეგ. 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, დედაქალაქის 50-წევრიან საკრებულოში 37 დეპუტატი ჰყავს კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 7 – ნაციონალურ მოძრაობას, 3 – „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპიზიციას“ და 2 – „პატრიოტთა ალიანსს“. ახალი მოწვევის საკრებულოს ერთადერთი დამოუკიდებელი წევრი საბურთალოს ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად არჩეული ალექსანდრე ელისაშვილია.

XS
SM
MD
LG