Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებსა და მთავრობას


ისრაელის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის საქართველოს მოქალაქეებს და მთავრობას მადლობა გადაუხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა. მისი შეფასებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისრაელის ნამდვილი მეგობარია. დღეს გავრცელებულ განცხადებაში იუვალ ფუქსი აღნიშნავს, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ისრაელმა ღაზის სექტორი დატოვა, რაც იოლი გადაწყვეტილება არ ყოფილა და საპასუხოდ „ჰამასისგან“ მიიღო ისრაელის ქალაქებისა და ქვეყნის მოქლაქეებისკენ მიმართული ათასობით რაკეტა. „ისევე, როგორც ადრე, ისრაელს ახლაც სჭირდება მილიონობით ადამიანის გადარჩება და თავდაცვა, რომლის უფლება აქვს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მსგავსად“, - ნათქვამია იუვალ ფუქსის განცხადებაში. საქართველოს მთავრობამ 14 ივლისს ღრმა შეშფოთება გამოთქვა ისრაელის საწინააღმდეგო სარაკეტო იერიშების გამო და მწუხარება გამოხატა ღაზის სექტორში მშვიდობიანი ადამიანების დაღუპვის გამო. საქართველოს მთავრობამ ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მას, ყველა სახელმწიფოს მსგავსად, აქვს ქვეყნის უსაფრთხოების და მოქალაქეთა სიცოცხლის დაცვის უფლება. საქართველოს მთავრობამ იმედი გამოთქვა, რომ მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებას დაიწყებენ და სიტუაციის დეესკალაციას შეძლებენ.

XS
SM
MD
LG