Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკითხვები ფეხბურთელთა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ), ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ), ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა და ალბათ უკვე შეიძლება ითქვას, რომ სტარტი აიღო მორიგმა ოთხწლიანმა ციკლმა, რომლის გვირგვინი - სხვადასხვა კონტინენტზე შესარჩევი ასპარეზობის დასრულების შემდეგ - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი იქნება. ამ შეჯიბრებას კი, როგორც სპორტის მოყვარულებმა იციან, რუსეთმა უნდა უმასპინძლოს - აღმოსავლეთ ევროპის პირველმა ქვეყანამ, რომელსაც ასეთი პატივი ერგო. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმ საპატიო სტუმართა შორის იყო, ვინც რიო-დე-ჟანეიროს „მარაკანის“ სტადიონის ლოჟიდან ადევნებდა თვალს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს გერმანიისა და არგენტინის ნაკრებ გუნდებს შორის. მასალაში, რომელიც ჩვენმა ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა ლუკ ჯონსონმა მოამზადა, ვეცდებით მომავალ ჩემპიონატთან დაკავშირებულ რამდენიმე შეკითხვას ვუპასუხოთ.

პირველი კითხვა ასეთია: რუსეთის რომელ ქალაქებში გაიმართება მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მატჩები? საორგანიზაციო კომიტეტმა მატჩების ჩასატარებლად 11 ქალაქი შეარჩია: მოსკოვი, სანქტ პეტერბურგი, კალინინგრადი, ნიჟნი ნოვგოროდი, სარანსკი, ვოლგოგრადი, სოჭი, ეკატერინბურგი, ყაზანი, სამარა და დონის როსტოვი (მოსკოვში ტურნირის შეხვედრები ორ სტადიონზე ჩატარდება).

ზოგი სარბიელი უკვე მზად არის მატჩების სამასპინძლოდ (მაგალითად, 2014 წლის ზამთრის ოლიპიური თამაშებისთვის აშენებული სოჭის „ფიშტის“ სტადიონი), მაგრამ სტადიონების უმრავლესობა მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას საჭიროებს იმისთვის, რათა ფიფას მოთხოვნები დააკმაყოფილოს. რამდენიმე სტადიონი სულაც ახალი ასაშენებელია.

მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონი, რომელიც 1956 წელს აშენდა და 1980 წლის ოლიმპიადის მთავარი სარბიელი იყო, უცვლელად მხოლოდ ფასადს შეინარჩუნებს, შიგნით კი მთლიანად იცვლის სახეს. რეკონსტრუქციის ხარჯები, წინასწარი გეგმის თანახმად, 800 მილიონ დოლარს მიაღწევს.

რამდენად ადვილი იქნება ფეხბურთის ქომაგებისთვის რუსეთში გამგზავრება და თვით ქვეყნის შიგნით, ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილება? როგორც 12 ივლისს განაცხადა რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ, „ჩვენ გახსნილი ქვეყანა ვართ და მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც შეძენილი ექნება ტურნირის ბილეთი, უფლება მიეცემა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უვიზოდ შემოვიდეს. ერთადერთი, რაც მას საამისოდ დასჭირდება, ბილეთი და პასპორტია.“

მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონი
მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონი

მომავალი ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები ერთმანეთისგან დიდი მანძილით არის დაშორებული. მაგალითად, სოჭიდან კალინინგრადამდე 2500 კილომეტრზე მეტია; თითქმის ასეთივე მანძილი აშორებს სანქტ პეტერბურგს ეკატერინბურგისგან. მაგრამ, იმავე ვიტალი მუტკოს თქმით, ამ პრობლემას იოლად მოევლება: „რაც შეეხება ტრანსპორტს, რუსეთი და ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები ძალიან კარგადაა განვითარებული. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან რკინიგზით და ვაპირებთ, ამ ხაზებზე სწრაფი მატარებლები ავამოქმედოთ. პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და 2018 წლისთვის ეს მაგისტრალები ისევე იმუშავებს, როგორც დღეს მუშაობს მოსკოვ-სანქტ პეტერბურგის, ან მოსკოვ-ყაზანის ხაზები“, ამბობს მუტკო.

რა დაუჯდება რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც სოჭის წლევანდელი „თეთრი ოლიმპიადის“ ხარჯებმა მანამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა და 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. არაერთი კრიტიკული ხმა გაისმა ბრაზილიის მისამართითაც, რომელმაც 11 მილიარდი დოლარი დახარჯა ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მოწყობაზე. ექსპერტთა შეფასებით, 2018 წლის ჩემპიონატის ხარჯები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ბრაზილიის ხარჯებს. შვეიცარიის ქალაქ ციურიხის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მარტინ მიულერმა და დანიელ ვულფმა ისიც კი გამოთვალეს, რომ სტადიონზე მაყურებლის ყოველი ადგილი რუსეთს საშუალოდ 11600 დოლარი დაუჯდება.

დაბოლოს, რამდენად რეალურია შანსი, რომ რუსეთს ჩამოართვან მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის პატივი? - აი, კითხვა, რომელიც მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ხშირად გაისმის უცხოეთის პრესაში. საქმეში ჩახედული ხალხი ფიქრობს, რომ ეს შანსი მეტად მცირეა. ფიფამ - ფეხბურთის მმართველმა საერთაშორისო ორგანომ - უკვე უარყო კიდეც ორი ამერიკელი სენატორის, რესპუბლიკელების დენ კოუტსისა და მარკ კერკის მოწოდება, სხვა ქვეყანაში გადაეტანათ 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი. ისიც ნაკლებად სავარაუდოა, ფიფამ ყური ათხოვოს სექსუალური უმცირესობების უფლებათა მხარდამჭერ პეტიციასა და მის 75 ათასამდე ხელმომწერს, რომლებიც ასევე სთხოვენ საერთაშორისო ფეხბურთის მესვეურებს, რუსეთში არ ჩაატარონ მსოფლიო ჩემპიონატი - ამ ქვეყანაში მოქმედი დისკრიმინაციული კანონების გამო.

XS
SM
MD
LG