Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი გაათავისუფლა


საკადრო ცვლილებებია საქართველოს მთავრობაში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობებიდან დაითხოვა სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრები და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. ამასთან, სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად დაინიშნება, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან დათხოვნილი ელგუჯა ხოკრიშვილი კი გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მინისტრობის სხვა კანდიდატების ვინაობა უახლოეს ორ დღეში დასახელდება. პრემიერმა საკადრო ცვლილებები იმით ახსნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის და თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებისადმი“ მოსახლეობის მიერ კიდევ ერთხელ გამოხატული ნდობის შემდეგ, მთავრობამ ახალი რეჟიმით უნდა იმუშაოს. „იმისათვის, რომ ხალხისთვის მიცემული ყველა დანაპირები და დასახული ამოცანები სრულყოფილად შევასრულოთ, საჭიროა გაორმაგებული ენერგია და გაორმაგებული მოტივაცია, მეტი მონდომება და მეტი ეფექტურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თანამდებობიდან გათავისუფლებულ მინისტრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და არ გამორიცხა, რომ ზოგიერთი მათგანი მუშაობას სხვა თანამდებობაზე განაგრძობს.

XS
SM
MD
LG