Accessibility links

logo-print

უკრაინა უცხოელ ექსპერტებს ჩააბარებს ავიაკატასტროფის ადგილას გამოძიებაზე კონტროლს


უკრაინის განცხადებით, ის აპირებს უცხოელ ექსპერტებს ჩააბაროს კონტროლი გამოძიებაზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას. ამასთან, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ პროცესს ნიდერლანდი გაუძღვეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა კიევში 21 ივლისს თქვა ასევე, რომ კიევი „დასავლელ პარტნიორებს“ მიანდობს ავიაკატასტროფის გამოძიების კოორდინირებას. იაცენიუკის თქმით, უკრაინა მზადაა „ყველა გვამის ამსტერდამში ტრანსპორტირებისათვის“ სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად. კიევის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაპოვნია 272 გვამი. 17 ივლისის ავიაკატასტროფამ სულ 298 ადამიანი შეიწირა. როგორც იაცენიუკმა აღნიშნა, უკრაინა დარწმუნებულია, რომ ავიალაინერი ჩამოგდებულ იქნა რაკეტით, სავარაუდოდ Buk M1 ტიპის სარაკეტო სისტემის გამოყენების შედეგად. იაცენიუკის თქმით, მოსკოვი აძლევს იარაღს და წვრთნის სეპარატისტებს უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG