Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში იზრდება მსხვერპლის რიცხვი


ღაზის სექტორი
ღაზის სექტორი

პალესტინელი ოფიციალური პირების მონაცემებით, სამშაბათ დილით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ღაზის სექტორში დაიღუპა, სულ ცოტა, 11 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. შედეგად, თითქმის 600-მდე გაიზარდა 8 ივლისს დაწყებული ოპერაციის დროს დაღუპული პალესტინელების რიცხვი. ისრაელი ამ ოპერაციით მიზნად ისახავს, ბოლო მოუღოს მისი ტერიტორიისათვის ღაზის სექტორიდან რაკეტების სროლას. ამ ძალადობის ფონზე გრძელდება საერთაშორისო ძალისხმევა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ზავის მისაღწევად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი პალესტინელების გასამხედროებულ მოძრაობა „ჰამასს“ მოუწოდებს, ჩაერთოს მოლაპარაკებაში ღაზის სექტორში ბრძოლისათვის ბოლოს მოსაღებად, ეგვიპტის ინიციატივის შესაბამისად. ეს განცხადება კერიმ გააკეთა კაიროში, ეგვიპტელ ოფიციალურ პირებთან 22 ივლისს შეხვედრის შემდეგ.

ამასობაში, ისრაელი განაგრძობს ღაზის სექტორის დაბომბვას და, თავის მხრივ, აცხადებს, რომ „ჰამასზეა“ დამოკიდებული ზავზე შეთანხმება მას შემდეგ, რაც პალესტინელების ამ ორგანიზაციამ გასულ კვირაში უარყო ეგვიპტის სამშვიდობო წინადადება. „ჰამასი“, როგორც ცნობილია, დომინანტური პოლიტიკური ძალაა ღაზაში.

„ისრაელი დათანხმდა ეგვიპტის ინიციატივით შემოთავაზებულ ზავს - წინადადებას, რომელსაც მხარი დაუჭირეს არაბთა ლიგამ და გაერომ. „ჰამასი“ იყო ის, ვინც ზავზე უარი თქვა. ახლა ბურთი აშკარად „ჰამასის“ მოედანზეა. მზად არის ის, ბოლო მოუღოს განუწყვეტელ სარაკეტო ცეცხლს ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ? მზად არის, ბოლო მოუღოს ტერორისტულ თავდასხმებს ღაზის სექტორიდან?“ -ისრაელის პოზიცია ასე განმარტა მთავრობის პრესმდივანმა მარკ რეგევმა იერუსალიმში, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ 22 ივლისს საუბრისას.

ისრაელმა 8 ივლისს წამოიწყო ოპერაცია ღაზის წინააღმდეგ, „ჰამასის“ გააქტიურებულ სარაკეტო იერიშებზე საპასუხოდ. თავის მხრივ, „ჰამასის“ გააქტიურების მიზეზად სახელდება მისი მომხრეების დევნა პალესტინელთა ტერიტორიაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისევე როგორც ღაზის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, გამოწვეული ისრაელისა და ეგვიპტის ბლოკადით.

ისრაელის სამხედრო ოპერაცია უკვე მესამე კვირაა გრძელდება. პალესტინელი ოფიციალური პირების მონაცემებით, პალესტინელებს შორის დაღუპულთა რიცხვი, ამასობაში, თითქმის 600-მდე არის გაზრდილი. მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან, მათ შორის - 100-მდე ბავშვი. რაც შეეხება ისრაელის მხარეს, ოპერაციის დაწყების შემდეგ დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი და 27 ჯარისკაცი.

ამერიკულ ტელეკომპანია „NBC“-თან ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ წუხილი გამოთქვა პალესტინელ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის გამო, თუმცა მან ისევ „ჰამასს“ დააკისრა მთელი პასუხისმგებლობა ღაზაში სისხლისღვრაზე.

„შემიძლია გითხრათ, რომ გავხსენით საავადმყოფო - საველე ჰოსპიტალი, ჰუმანიტარული საველე ჰოსპიტალი ღაზის სექტორთან და „ჰამასი“ ხალხს არ აძლევს იქ მისვლის უფლებას. „ჰამასის“ წევრები რაკეტებს მალავენ საავადმყოფოებში, იარაღს მალავენ საავადმყოფოებში. ისინი ისვრიან საავადმყოფოებიდან. მათთვის, უბრალოდ, სულ ერთია! ისინი არღვევენ ყველა ნორმას, ყველა წესს, სჩადიან სამმაგ სამხედრო დანაშაულს: მიზანში იღებენ სამოქალაქო პირებს, იმალებიან სამოქალაქო პირების ზურგს უკან, სამოქალაქო პირებს თავს უყრიან ადგილებში, სადაც მათ საფრთხე ემუქრებათ. ჩემი აზრით, თუ რაიმე ბრალდებაზეა ლაპარაკი, ის პირდაპირ „ჰამასს“ უნდა წაუყენონ“, განაცხდა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ტელეკომპანია „NBC“-თან ინტერვიუში.

22 ივლისს მას ისრაელში შეხვდა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, რომელმაც ისრაელს, ისევე როგორც „ჰამასს“, მოუწოდა ბრძოლის შეწყვეტისაკენ. ღაზის სექტორში ზავის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერიც.

თუმცა ღაზის სექტორის მკვიდრთათვის საერთაშორისო ძალისხმევას ჯერ შვება არ მოუტანია. იერიშის სამხედრო ოპერაციის ფონზე, ათასობით პალესტინელი ცდილობს თავს შინიდან გაქცევით უშველოს. ღაზაში, გაეროს სააგენტოს მონაცემებით, 102 ათასამდე ადამიანმა შეაფარა თავი გაეროს სკოლებს.

XS
SM
MD
LG