Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 საუკუნის შემდეგ კიდევ ერთხელ დაბადებული სასახლე


"დედოფლის გორა"
"დედოფლის გორა"

„დედოფლის გორაზე“ არქეოლოგები ფრთხილად წმენდენ სამეფო სასახლის იატაკს და უძველესი პატარა კერამიკული ჯამი ჩვენს თვალწინ 20 საუკუნის შემდეგ კიდევ ერთხელ იბადება. სპეციალისტები სასახლის 22-ე ოთახში მუშაობენ. აქამდე აღმოჩენილი 1500-მდე ნივთი უკვე მუზეუმშია გადატანილი.

"დედოფლის გორა", რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი იკვლევს, ქარელის რაიონში, მდინარეების მტკვრისა და ფცის შესართავთან, მდებარეობს. არქეოლოგიურ ობიექტს ბორცვის ფორმა აქვს, რაც მისმა ხანდაზმულობამ განაპირობა. ისტორიკოსების აზრით, ეს არის ხელოვნური გორა, რომელიც მრავალ ისტორიულ პერიოდს ინახავს.

"დედოფლის გორა"
"დედოფლის გორა"

არქეოლოგიურ ობიექტს ისტორიკოს იულონ გაგოშიძის ხელმძღვანელობით 1980-იან წლებშიც იკვლევდნენ. მაშინ არქეოლოგებმა ადრეშუასაუკუნეებისა (IV-VI სს) და ანტიკური ხანის (ძვ.წ. აღ. I – ახ.წ.აღ. II სს) დიდი კომპლექსის "სასახლის" ნაშთები აღმოაჩინეს. არქეოლოგური ძეგლის კვლევა 2013 წელს განახლდა.წელს კიდევ ერთი ოთახი გამოჩნდა, სადაც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, მრავალფეროვანი კერამიკული ჭურჭელი, რკინის შამფურები, ბრინჯაოს სასწორი და სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტი აღმოჩნდა. ისტორიკოსების ვარაუდით, ძეგლი ახ.წ. 80 წელს ძლიერი მიწისძვრის დროს განადგურდა, რასაც ხანძარიც დაემატა.

არქეოლოგები იმ დროის სურათს აცოცხლებენ და ამბობენ, რომ სწორედ ეს ხანძარი გახდა ჩვენს ეპოქაში ძეგლის დაცვის გარანტი. შავი არქეოლოგიის მიმდევრებმა და განძის მაძიებლებმა ამ გორაკის გადათხრა 90-იან წლებში სცადეს, მაგრამ ისეთ მკვრივ ფენას წააწყდნენ, რომ საქმეს თავი ანებეს. არქეოლოგი ნანა გოგიბერიძე გვიყვება, როგორ წარმოიქმნა ეს გორა და რამდენი ისტორიული ეპოქის კვალი შემოინახა დღემდე.

"დედოფლის გორა" 20 საუკუნის შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:22 0:00

ექსპედიციის ხელმძღვანელი იულონ გაგოშიძე თითოეული ნივთის აღმოჩენისას სიხარულს ვერ ფარავს, დეტალურად ათვალიერებს, ვარაუდებს გამოთქვამს და შემდგომი კვლევისთვის ფრთხილად ინახავს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი გურამ კვირკველია ახალი აღმოჩენების სანახავად კოლეგებთან ჩავიდა. მისი აზრით, ნაპოვნია მნიშვნელოვანი ისტორიული მასალა.

ამ დროისათვის სტრატიგრაფიულ ჭრილში გამოვლენილია ანტიკური, ადრერკინის, გვიანბრინჯაოს და ადრებრინჯაოს ხანის ფენები. იკვეთება ადრერკინის ხანის ქვით ნაშენი გალავნის ნაშთები. სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა ოქროს ღილაკი, ქვევრის ფრაგმენტები და სხვ. არქეოლოგიურ სამუშაოებში ქართველ და იტალიელ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის სტუდენტები. კა-ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორი ელენა როვა საქართველოსა და მესოპოტამიას შორის უძველეს კავშირებს ეძებდა და ეს დედოფლის გორაზე იპოვა. იგი ფრთხილად გვიჩვენებს ოქროს ფირფიტას, სავარაუდოდ, სამკაულის ნაწილს, რომელიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა.

"დედოფლის გორა"
"დედოფლის გორა"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ კვლევა გაგრძელდება და პერსპექტივაში ეს ადგილი ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გახდება, რადგან ერთ გორაზე რამდენიმე ისტორიული შრის ნახვა იქნება შესაძლებელი.

„დედოფლის გორაზე“ კიდევ ბევრი სამუშაოა. ტერიტორიის დიდი ნაწილი ჯერ ისევ გასათხრელია. კვლევები მომავალ წელსაც გაგრძელდება და, არქეოლოგების თქმით, წინ კიდევ არაერთი აღმოჩენა გველის.

XS
SM
MD
LG