Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლებული და ნდობაგამოცხადებული მთავრობა


მთავრობის წევრები პარლამენტში
მთავრობის წევრები პარლამენტში

საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შვიდი მინისტრი. მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის პროგრამული გამოსვლა და მწვავე დებატები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის.

კენჭისყრის დაწყების წინ საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა, თუმცა, ამის მიუხედავად, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას, რასაც 76 ხმა სჭირდება, პრობლემა არ შეჰქმნია.

„89 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. მთავრობამ მიიღო პარლამენტის ნდობა. ხელს ვაწერ შესაბამისი დადგენილების პროექტს და ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და მთავრობის წევრებს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებას და გისურვებთ წარმატებებს“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები გახდა იმ სამთავრობო ცვლილების მიზეზი, რომელიც მე განვახორციელე. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის განახლებული გუნდი, განახლებული პროგრამა, ახალი გეგმები და ხედვა იმ პირობებში, როცა საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას...
ირაკლი ღარიბაშვილი

კენჭისყრას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის საპროგრამო გამოსვლა, დებატები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის, მიმართვა დეპუტატებისადმი, ნდობა გამოეცხადებინათ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრალამენტის მხარდაჭერის მოსაპოვებლად საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა მთავრობის ახალი პროგრამა - „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანის საქართველოსათვის“. გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველო გადადის საპასუხისმგებლო ეტაპზე, იწყებს რა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას:

„ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები გახდა იმ სამთავრობო ცვლილების მიზეზი, რომელიც მე განვახორციელე. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის განახლებული გუნდი, განახლებული პროგრამა, ახალი გეგმები და ხედვა იმ პირობებში, როცა საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. პროგრამა, რა თქმა უნდა, ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა გაცხადებული ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იყო და არის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება“.

ქართველი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გზა კი, მთავრობის პროგრამის მიხედვით, გადის თავისუფალი ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე; ასევე: სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ახალი ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების გზით კერძო სექტორისთვის ფინანსირების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და საქართველოს ეკონომიკის რეგიონალური და გლობალური კონკურენტუნარიაონობის ამაღლებაზე. რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

„საგარეო-პოლიტიკური კუთხით ჩვენი მთავარი ამოცანებია ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება, მეზობელ და რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობების განმტკიცება, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია“.

ტყუილი, თვითკმაყოფილება და არაკომპეტენტურობა - ეს არის სამი მთავარი მახასიათებელი თვისება, რაც წითელ ხაზად გასდევს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას. ყველას კარგად გვესმის, რომ ბატონი ღარიბაშვილის აქ ყოფნა ფორმალურ ხასიათს ატარებს...
გიორგი კანდელაკი

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გაგრძელდება ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ყველა გახმაურებული საქმე იქნება გამოძიებული. როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ახალ პროგრამას მხარი დაუჭირეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა და, მათ შორის, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ:

„ბატონო ირაკლი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ თქვენ სიმტკიცით, ძალიან საქმიანად, ძალიან ღირსეულად უძღვებით იმ საქმეს, რაც დაიწყო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა“.

უმრავლესობისაგან განსხვავებით, კრიტიკული იყო ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მთავრობას შეუსრულებელი დაპირებები შეახსენეს, დუპატატმა გიორგი კანდელაკმა კი მთავრობას ბრალი დასდო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის, ინტერესების უგულებელყოფაში:

„ტყუილი, თვითკმაყოფილება და არაკომპეტენტურობა - ეს არის სამი მთავარი მახასიათებელი თვისება, რაც წითელ ხაზად გასდევს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას. ყველას კარგად გვესმის, რომ ბატონი ღარიბაშვილის აქ ყოფნა ფორმალურ ხასიათს ატარებს. ...თქვენი გამოსვლიდან გამომდინარეობს, რომ თქვენ და ივანიშვილი რუსეთის ქმედებას აღმოსავლეთ უკრაინაში არ აფასებთ როგორც სამხედრო აგრესიას“.

მთავრობის კრიტიკის პასუხად პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატებს დემაგოგები უწოდა და მათ მიერ დასმული შეკითხვების დიდ ნაწილს ან საერთოდ არ უპასუხა, ანდა ასეთი პასუხი გასცა:

„ჩვენ ყველა დაპირება შევასრულეთ. მეტსაც გეტყვით, იმაზე მეტიც გავაკეთეთ, რაც დავპირდით“.

დებატების მიწურულს ფრაქცია „ქართული ოცნება“ რესპუბლიკელების სახელით სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც პასუხად ოპონენტების მიერ პრემიერ-მინისტრისათვის არაერთხელ დასმული შეკითხვისა, არის თუ არა რუსეთი და პუტინი საქართველოს მტერი, განაცხადა:

„პუტინი მტერია! პუტინი მტერია! პუტინი მტერია! მოგესალმებით, მეგობრებო!“

აღსანიშნავია, რომ დავით უსუფალშვილმა ტრიბუნაზე სამი დოკუმენტი აიტანა: საქართველოს კონსტიტუცია, მთავრობის პროგრამა და ასოცირების ხელშეკრულება:

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„ჩვენი სამუშაო იარაღები არის ეს სამი დოკუმენტი. კონსტიტუციიდან გამომდინარე უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში და ინსტრუმენტებით თქვენს მიერ ჩვენამდე მოტანილი პროგრამის შესასრულებლად და ევროპასთან ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, გთავაზობთ ერთად ვიმუშაოთ მუხლჩაუხრელად. ჩვენ ძალიან დიდი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ დავეწიოთ იმ ევროპას, რომლის წევრობაც გვინდა“.

კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სიტყვით გამოვიდა უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელმაც იმ მიზეზებზე ილაპარაკა, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა მხარი არ დაეჭირა მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის:

„მხარს ვერ დავუჭერთ მთავრობას, რომელმაც ერთ წელიწადში ბიუჯეტი გაარღვია 700 მილიონით, რომელიც წელს აპირებს 600 მილიონი ლარის შიდა ვალის აღებას, რომლის პირობებშიც გაუფასურდა ლარი, გაძვირდა ბენზინი და წამალი, ეკონომიკამ დაკარგა 3 მილიარდის შემოსავალი. ვერ დავუჭერთ მხარს მთავრობას, რომელიც საზოგადოების შერიგებისა და კონსოლიდაციის ნაცვლად ისევ ლაპარაკობს დევნასა და ანგარიშსწორებაზე“.

დავით ბაქრაძის გამოსვლის შემდეგ, უმცირესობამ სხდომათა დარბაზი დატოვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობას ნდობის მისაღებად 76 ხმა სჭირდებოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მინისტრთა ახალმა კაბინეტმა ეს ნდობა უპრობლემოდ მიიღო.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG