Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორში 1000-ს გადააჭარბა დაღუპული პალესტინელების რიცხვმა


ღაზის სექტორში 1000-ს გადააჭარბა დაღუპული პალესტინელების რიცხვმა. მსხვერპლის დიდი ნაწილი სამოქალაქო პირები არიან. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მაშველებმა 100-ზე მეტი გვამი იპოვეს დაბომბვის შედეგად დანგრეულ შენობებში. ეს გვამები იპოვეს გაეროს შუამავლობით გამოცხადებული 12-საათიანი ჰუმანიტარული ზავის დროს. ზავი ძალაში შევიდა 26 ივლისს, ადგილობრივი დროით 8 საათზე (თბილისის დროით 9-ზე). ისრაელსა და ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის 19 დღის წინ დაწყებულ დაპირისპირებას, ბოლო ინფორმაციით, შეეწირა 1030 პალესტინელი. ისრაელის მხარეზე დაღუპულია 40 ადამიანი, მათ შორის 37 ჯარისკაცი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შაბათს პარიზში შეხვდა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენელ წამყვან დიპლომატებს ღაზის სექტორში გრძელვადიან ზავზე მოსალაპარაკებლად.

XS
SM
MD
LG