Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა კიდევ 8 პირს და 4 უწყებას დაუწესა სანქციები უკრაინის კრიზისის გამო


ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ ევროკავშირი შეთანხმდა დამატებითი სანქციების დაწესებაზე რვა პირისთვის - მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოთხი ახლო მოკავშირისთვის - და ოთხი უწყებისთვის. კონკრეტული სახელები, სავარაუდოდ, 30 ივლისს გახდება ცნობილი - როცა მათ ევროკავშირი ოფიციალურად გამოაქვეყნებს. ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩები ბრიუსელში მართავენ შეხვედრას, რომელზეც, გავრცელებული ცნობებით, ასევე უნდა განიხილონ სანქციების დაწესება რუსეთის საფინანსო, ენერგეტიკის და თავდაცვის სფეროებისთვის. გავრცელებული ვარაუდით, ახალი ზომები მოიცავს რუსეთის ბანკებისთვის ევროპის ბაზრებზე შეღწევაში შეზღუდვებს, ენერგეტიკის სექტორთან მუშაობის მოცულობის შემცირებას და იარაღზე ემბარგოს. ევროკავშირს ამ დრომდე რუსეთისა და უკრაინის 87 ინდივიდისთვის და 20 უწყებისთვის ჰქონდა დაწესებული სანქციები უკრაინის კრიზისის გამო.

XS
SM
MD
LG