Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ოთხი ჯარისკაცის დაღუპვის ცნობას


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 2 აგვისტოს დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონთან ახლოს ოთხი სამხედრო დაიღუპა. სამინისტროს განცხადების თანახმად, სამხედროები ემსხვერპლნენ შეტაკებებს „სომეხთა დივერსიულ ჯგუფებთან“, რომლებიც აღდამ-ტერტერის რაიონში ატარებდნენ ოპერაციას. თავდასხმა მოგერიებულ იქნა. პარალელურად, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ 2 აგვისტოს მისმა სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმა, რის შედეგადაც დაიღუპა ყარაბაღის ერთი მეომარი და 7 აზერბაიჯანელი სამხედრო. განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც, რომელშიც იტყობინება, რომ შაბათს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სოფელ კემერლის პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს სომხურ სოფელ ბარეკამვანს. სამინისტრო აცხადებს, რომ გაიხსნა საპასუხო ცეცხლი და მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. ბოლო დღეებში გახშირდა სროლა აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ყარაბაღის ახლოს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 1 აგვისტოს განაცხადა, რომ სომხეთის ძალებმა აზერბაიჯანელების პოზიციებზე მიიტანეს იერიში და ბოლო სამი დღის განმავლობაში რვა აზერბაიჯანელი სამხედრო იმსხვერპლეს. 1 აგვისტოს აშშ-მა მხარეებს მოუწოდა „დაუყოვნებლივ იმოქმედონ დაძაბულობის განმუხტვისთვის და დაიცვან ზავი“.

XS
SM
MD
LG