Accessibility links

logo-print

ხვალ ჩემი მოგზაურობა იწყება, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვგეგმავდი. ეს ჩემთვის პირველი ტურია, რომელიც მთლიანად მე და ჩემმა მეგობარმა შევადგინეთ. დაგეგმვის დროს მივხვდით, რომ თუკი პირველად მოგზაურობ და გინდა სასიამოვნო შთაბეჭდილებებთან ერთად გამოცდილებაც მიიღო, აუცილებლად ყველაფერი თვითონ უნდა მოაგვარო. ჩვენც მთელი მოგზაურობის მარშრუტი თვითონ მოვიფიქრეთ და ინტერნეტის დახმარებით ყველაფრის წინასწარ დაჯავშნაც შევძელით. ამ პროგრამაში გიამბობთ რამდენიმე საიტის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ დაგეგმოთ საკუთარი მოგზაურობა და საკმაო ფულიც დაზოგოთ.

www.skypiker.com - საიტზე ჩამოთვლილია ყველაზე იაფი მიმართულებები თქვენი ქალაქის აეროპორტებიდან. შესაბამისად, ასე შეგიძლიათ ბილეთში ზედმეტი საფასურის გადახდას გვერდი აუაროთ და ალტერნატიულ მარშრუტზე იფიქროთ, რომელსაც ბუკლეტებში ვერ ამოიკითხავთ. საჭიროა ცოტა ფანტაზია და კიდევ რამდენიმე საიტი, რომ მოგზაურობა სახალისოც გამოვიდეს და ბიუჯეტიც დიდად არ დაზარალდეს. როცა ამსტერდამში ვიქნებით, ჩვენთან კიდევ ერთი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს, ფრენა თბილისიდან ამსტერდამამდე კი ძალიან ძვირია, მით უმეტეს ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ყოველ ნაბიჯზე განსაზღვრული ბიუჯეტი აქვთ. საიტი გვაუწყებს, რომ გაცილებით იაფი ჯდება საქართველოდან ჩასვლა ეინდჰოვენში, საიდანაც ამსტერდამში საათსა და ოც წუთში ჩახვალთ ავტობუსით, რომელიც ნახევარ საათში ერთხელ გადის. საიტი გთავაზობთ თითქმის ყველა მიმართულებას საქართველოდან - უბრალოდ, უნდა შეარჩიოთ საჭირო ვარიანტი.

www.seat61.com - მგზავრი 61-ე სავარძლიდან გიყვებათ, თუ როგორ უნდა გადაადგილდეთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მატარებლით. ამ საიტის პოვნა განსაკუთრებით დამეხმარა, ვინაიდან ჩვენი მოგზაურობის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქალაქი ვნახოთ ევროპაში, თუნდაც ამ ქალაქებში მხოლოდ ერთი დღით გავჩერდეთ. საიტის მიზანია შემოგთავაზოთ თვითმფრინავით მოგზაურობის ალტერნატივა, რაც საკმაოდ იაფიცაა და სახალისოც. საიტზე, უბრალოდ, ირჩევთ ქალაქს, საიდანაც გინდათ მოგზაურობის დაწყება და ქალაქს, სადაც ჩასვლას აპირებთ. საიტი გთავაზობთ მატარებლების განრიგს, სხვადასხვა მატარებელში პირობებისა და მდგომარეობის აღწერას, ბილეთების ფასებს და შესაძლო გაჩერებებს, სადაც ასევე გაატარებდით რამდენიმე დღეს.

www.blablacar.com ასევე სასარგებლო საიტია მათთვის, ვისაც ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება სურს და ამაში ბევრი ფულის დახარჯვაც არ უნდა. საიტზე რეგისტრირდებიან ადამიანები, რომლებიც მანქანით აპირებენ, მაგალითად, პრაღიდან ბერლინში წასვლას და მანქანაში თავისუფალი ადგილი აქვთ. ეს ადამიანები თანამოსაუბრესაც მიესალმებიან და თანაც საკმაოდ დაბალ ფასად შემოგთავაზებენ გადაადგილებას. მაგალითად, პრაღიდან ბერლინში შეიძლება სულ 10-15 ევროდ ჩახვიდეთ. თანაც, ყველა მძღოლს, რომელიც საიტზეა დარეგისტრირებული, აქვს თავისი რეიტინგი, რომელსაც მას წინა მგზავრები უწერენ და სასურველი თანამგზავრის არჩევაში ესეც დაგეხმარებათ.

www.couchsurfing.com მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საერთო ინტერესების ადამიანებს მთელ მსოფლიოში. ამ საიტს საქართველოშიც ბევრი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც მზად არიან სტუმრებს თბილისში უმასპინძლონ და მათ ღამის გასათევი შესთავაზონ. საიტის კონცეფცია მარტივია: დარეგისტრირების დროს მიუთითებ, თუ რომელ ქალაქში ცხოვრობ და შეგიძლია თუ არა სტუმრების მიღება. ასევე აღწერ საკუთარ თავს, რა გაინტერესებს, რა გიყვარს, რამდენ ადამიანს დაიტოვებდი და ა.შ. ამ მონაცემების მიხედვით მოგზაურები არჩევენ სასურველ მასპინძელს, რომელიც, სურვილისამებრ, ან დაგთანხმდება მასპინძლობაზე, ან არა. საიტი საშუალებას გაძლევს უფასოდ იპოვო ღამის გასათევი უამრავ ქალაქში და ამ ქალაქის მცხოვრებლები მარტივად გაიცნო. ქოუჩსერფერები ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ხალხია, რომელიც კი ოდესმე შემხვედრია.

www.airbnb.com - თუ არც ჰოსტელში გინდათ დარჩენა, არც სასტუმროში და არც ვინმე უცხო ადამიანთან, ეს საიტი უნდა ცადოთ. საიტი გთავაზობთ 190 ქვეყანაში დღიურად იმ ბინების გაქირავების განცხადებებს, რომელთა დაჯავშნაც აქვეა შესაძლებელი. საიტს კარგი ფილტრაციის სისტემა აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ თბილისიდან მარსელში სასურველი სახლი მარტივად შეარჩიოთ, გაეცნოთ ამ სახლის წინა სტუმრების რევიუებს და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოთ. საიტი განსაკუთრებით გამოსადეგია მოგზაურთა 3-4-კაციანი ჯგუფებისათვის, რომლებსაც საერთო სახლის დაქირავების შემთხვევაში რამდენიმე ევროს დაზოგვის შესაძლებლობა ექნებათ.

www.lastminute.com ძალიან საჭირო საიტია მათთვის, ვისაც გეგმები შეიძლება ბოლო წუთში შეეცვალოთ. საიტი საშუალებას გაძლევთ იპოვოთ სასტუმროები და ჰოსტელები ნებისმიერი დროისთვის, თუნდაც ქალაქში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, და ფასებიც საკმაოდ მისაღებია. თუმცა, ჰოსტელების გარდა, საიტი კიდევ უამრავ სერვისს გთავაზობთ: მანქანების დაქირავებას, თეატრისა და კინოს აფიშებს, რესტორნებს და ა.შ. მოკლედ, თუ დღეს გადაწყვეტთ, რომ ხვალ თქვენც გსურთ სამოგზაუროდ წასვლა, პირველად აუცილებლად lastminute.com შეამოწმეთ.

დღეს სულ ესაა. ხვალ საღამოს ჩემი მოგზაურობა დაიწყება და თუკი აგვისტოში თქვენც იგივე გეგმები გაქვთ, შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს სიას. მოცემული ვებსაიტები მე ძალიან დამეხმარა.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG