Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ავიაციამ ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მეორე იერიში დაიწყო


8 აგვისტოს, პენტაგონის ცნობით, ერაყში აშშ-მა "ერაყის და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოდ" წოდებული გაერთიანების წინააღმდეგ მეორე იერიში დაიწყო ქალაქ ართლილთან. პენტაგონმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო ავიაციამ 8 აგვისტოს დაბომბა ისლამისტების სამხედრო ტექნიკა, კერძოდ საარტილერიო დანადგარები, რომლებიდანაც ექსტრემისტული ორგანიზაციის ისლამისტური სახელმწიფოს მებრძოლები ქალაქ ირბილის დამცველთა პოზიციებს უშენდნენ ცეცხლს. პენტაგონის წარმომადგენლის ჯონ კირბის თანახმად, ექსტრემისტთა არტილერია ბომბავდა იმ პოზიციებს, სადაც ქურთთა სამხედრო ძალებთან ერთად აშშ-ის სამხედრო პერსონალიც იმყოფება. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასცა განკარგულება, საჰაერო იერიში განხორციელდეს ერაყში მოქმედი ისლამისტი მებრძოლების პოზიციებზე. ობამას თქმით, საჭიროების შემთხვევაში წერტილოვანი დარტყმების მიზანი იქნება, წინ აღუდგნენ ისლამისტების მიერ ქალაქ ერბილის ხელში ჩაგდებას, დაიცვან იქ მყოფი ამერიკელი მოქალაქეები და დახმარება გაუწიონ ერაყის უსაფრთხოების ძალებს. პრეზიდენტმა ობამამ დაარწმუნა ქვეყანა, რომ ის არ დაუშვებს ერაყის ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვას. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯოშ ირნესტმა 8 აგვისტოს განაცხადა, რომ სანამ ერაყი ახალ ფართო მთავრობას შექმნის, აშშ სამხედრო დარტყმებს განახორციელებს, რათა აშშ-ის პერსონალი დაიცვას და სინჯარის მთებში ჰუმანიტარული ვითარება მოგვარდეს. ირნესტის თქმით, ერაყისთვის დამატებითი სხვა დახმარება არ გაგრძელდება და ოპერაცია არ ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროების მასში ჩართვას.

XS
SM
MD
LG