Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა სიყალბე უწოდა პროკურატურის ბრალდებას


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიყალბე უწოდა პროკურატურის ბრალდებას, რომლის თანახმად, მან სახელმწიფოს კუთვნილი 8 მილიონ ლარზე მეტი თანხა გაფლანგა. „როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" ლიდერებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვისგან ვერაფერი შეაჩერებთ. უზომოა მათი შურისძიების წყურვილი და სურვილი, ასიამოვნონ თავის რუს მეგობრებს“, - ნათქვამია სააკაშვილის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი ბრალეულობის დამტკიცებას ხელისუფლება ფაქტების ფაბრიკაციით ცდილობს. "მაშინ, როცა მოძმე უკრაინის მხარდაჭერაზე დემონსტრაციულად ამბობენ უარს, მთელ ძალისხმევასა და რესურსს ქართველი პატრიოტების სამართლებრივ დევნასა და დაპატიმრებაზე ხარჯავენ. მათ საქციელს ისტორია განსჯის, მანამდე კი ქართველი ერის საუკეთესო ნაწილი მიუჩენს მათ თავის ადგილს", - წერს მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი დაცვის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში 13 აგვისტოს მისცა სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ბრალდებით და სხვადასხვა მომსახურებისა და ნივთებისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოაქვეყნა.

XS
SM
MD
LG