Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა აზერბაიჯანში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა აზერბაიჯანში. თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს ირაკლი ალასანია დღეს ნახიჭევანში განიხილავს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრისას, ხვალ კი გაიმართება აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზაქირ ჰასანოვი, ირაკლი ალასანია და ისმეთ ილმაზი თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელებენ და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივად დაცვის საკითხებს. აზერბაიჯანში გამგზავრებამდე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ სამი მინისტრის შეხვედრა, რომელიც არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის, დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ალასანიას თქმით, შეხვედრების შედეგად გაფორმებული შეთანხმება მიეძღვნება დაგეგმარებას, რომელსაც სამი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები შეუდგებიან კრიტიკული ვითარებისა და სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში ნავთობსადენების, გაზსადენების და რკინიგზის დასაცავად. „ეს მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია უსაფრთხოებისა და თავდაცვისკენ, არავის საწინააღმდეგო ნაბიჯი არ არის და პირიქით, მსგავსი შეთანხმებები დამატებით საფუძველს ქმნის რეგიონული სტაბილურობისთვის", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

XS
SM
MD
LG