Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლებმა 34 ადამიანი შეიწირა


დონეცკის ოლქში უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 34 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მომხრე სეპარატისტებსა და მთავრობის ჯარებს შორის ბრძოლის შედეგად. ეს ცნობა გავრცელდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც კიევში ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან ბრძოლაში ილოვიანსკის - დონეცკის მახლობლად მდებარე ქალაქის - გასაკონტროლებლად. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობის ჯარები აკონტროლებენ ილოვიანსკის ნახევარს და რომ მეამბოხეები მათ ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ დღეზე მეტი ხნის წინ დაწყებული დაპირისპირებისას. აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მომხრე მეამბოხეებს შორის ოთხი თვის წინ დაწყებულმა ბრძოლებმა უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. ავტომანქანების კოლონა, რომელიც - როგორც რუსეთი აცხადებს - უკრაინისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით არის დატვირთული, ამასობაში საზღვართან რჩება. კიევი აცხადებს, რომ არ შეუშვებს კოლონას უკრაინაში მეამბოხეებისაგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე.

XS
SM
MD
LG