Accessibility links

იუწყებიან, რომ თერგმა ერთი გვამი გამორიყა


გავრცელებული ცნობებით, თერგმა ერთი გვამი გამორიყა რუსეთის მხარეს. სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს ყაზბეგის გამგებლის, გივი ქირიკაშვილის სიტყვებს, რომ ნაპოვნია თურქეთის მოქალაქე - ერთ-ერთი იმ ორი პირიდან, რომლებიც დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდნენ. მეორე დაკარგულის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ორივე მათგანი ჰესის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და სტიქიის დროს გვირაბში მუშაობდა. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 134-ე კილომეტრზე მეწყერი გუშინ, დაახლოებით 22 საათზე ჩამოწვა. სტიქიური უბედურების შედეგად, ასევე ჩაიხერგა რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და დაზიანდა ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენი, რომლითაც სომხეთი ბუნებრივი აირით მარაგდებოდა. უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე მეწყერი მეორედ ჩამოწვა. 2014 წლის 17 მაისს სტიქიურმა უბედურებამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG