Accessibility links

logo-print

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ხაჯიმბა გამოცხადდა


ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა ადგილობრივი ოპოზიციის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა. დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბატალ ტაბაღუამ სოხუმში 25 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, ხმების 50,57%, ანუ ხმების ნახევარზე მეტი ერგო ხაჯიმბას - ტაბაღუას თქმით, აფხაზეთის ახალ პრეზიდენტს. „არ უნდა იყვნენ „ჩვენები“ და „თქვენები“. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი ხალხი. მაშინ ყველაფერი გამოგვივა. ის, რასაც წინა ხელისუფლებისაგან მოვითხოვდით, ჩვენ თვითონვე უნდა განვახორციელოთ. იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოგვივა“, უთხრა ხაჯიმბამ სოხუმში „როიტერსის“ კორესპონდენტს. არჩევნების წინასწარი შედეგებით, მეორე ადგილზე გავიდა ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ასლან ბჟანია. დე ფაქტო რესპუბლიკის ცსკ-ის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 70% შეადგინა. ოკუპირებულ აფხაზეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს ჩატარდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის საპროტესტო აქციების შედეგად ივნისში თანამდებობიდან გადადგა ალექსანდრე ანქვაბი. ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უკანონო აქტად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. არჩევნები უკანონოდ გამოაცხადა ევროკავშირმაც, რომელმაც 24 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG