Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სენაკის ბაზარი დაიწვა - მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ


ხანძარი სენაკის ბაზარში
ხანძარი სენაკის ბაზარში

25 აგვისტოს ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, სენაკის ბაზარი მთლიანად დაიწვა. ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზით, ცეცხლი 21:00 საათისთვის გაჩნდა, რომელმაც 3 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია გაანადგურა. დამწვარია 250-მდე მოვაჭრის საქონელი. დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათ ამ მოთხოვნით სამშაბათს ბაზრის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოვაჭრეების ნაწილის განცხადებით, ცეცხლის გაჩენა განგებ მოხდა, ნაწილი კი აცხადებს, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურმა დროული რეაგირება ვერ მოახდინა.

„ჩვენ, ყველა, ბანკის ვალებით ვმუშაობდით. ახლა ხუთ დღეში გვეწყებოდა სასკოლო ბაზრობა და წაუკიდეს. წაუკიდებენო, ამბობდა ბაზრის დაცვა და წაუკიდეს კიდევაც“;

„ყველაფერი დაიწვა. ცეცხლი ყველა მხრიდან ერთდროულად გაჩნდა. ნახევარი საათის დაგვიანებით მოვიდა სახანძროც და ყველაფერი“, - აცხადებენ მოვაჭრეები.

წუხელ შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით არსებული ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის კერების ლოკალიზება 3 საათში მოხერხდა. მოვაჭრეების აზრს, რომ სახანძრომ მისვლა დააგვიანა, არ იზიარებს სენაკის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი დემურ მებონია:

„როგორც კი შეტყობინება მივიღეთ ხანძრის შესახებ, ორივე მანქანით გამოვქანდით შემთხვევის ადგილზე. როცა მოვედით, უკვე მთლიანად ბაზრის ტერიტორიას იყო მოდებული ხანძარი. ძალიან დაღამებულიც არ იყო და მოვაჭრეებიც ბლომად იყვნენ. ყველა თავისი სამრეწველო საქონლის გადარჩენას ცდილობდა და ჩვენ ის მოვახერხეთ, რომ გაგვეყვანა ეს ხალხი და თავიდან აგვეცილებინა უბედური შემთხვევა“.

ბაზრის მფლობელი მურად შამათავა კი ეთანხმება მოვაჭრეთა ნაწილის პოზიციას და ამბობს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის მოწყობილიო. მურად შამათავა სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და კოალიცია „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერია. ის მომხდარს სწორედ მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს:

„ხანძარი შეიძლება მოხდეს ერთი კერიდან ან ერთი უბნიდან. სამაშველო სამსახურის უფროსმაც დააფიქსირა, რომ როცა მივიდა, უკვე ყველაფერი იწოდა. ერთი კერა ამხელა მასშტაბს, 3 000 კვადრატს, ვერ მოიცავდა“.

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე ვარაუდობს, რომ ხანძარი, შესაძლოა, ძველ ელექტროსადენებს გამოეწვია:

„არაფერი სხვა წყარო არ იყო და, ალბათ, მოძველებულმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს“.

ხანძრის შედეგად, დაზარალებულებს გასულ ღამეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. შემთხვევის ადგილზე მყოფმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მოვაჭრეებს პირობა მისცა, რომ ზარალის დათვლის შემდეგ ისინი გარკვეულ დახმარებას მიიღებენ.

„დახმარება, რაც შეგვეძლება, იქნება, როცა დადგინდება ზარალი. ეს უკვე შემდგომი ეტაპია და ეს კომისიურად დადგინდება, ამას დროს სჭირდება და მერე, რითაც შევძლებთ, დავეხმარებით ამ ადამიანებს“.

ამასთან, გამგებელი გოჩა დგებუაძე ბაზრის თანამშრომლებს, რომლებსაც საქონელი ბანკიდან აღებული კრედიტით ჰქონდათ ნაყიდი, სესხის გადავადებასთან დაკავშირებით შუამავლობას დაჰპირდა. ამ დროისთვის მოვაჭრეები, გარდა ზარალის ანაზღაურებისა, სხვა დახმარებაზე უარს აცხადებენ და მოთხოვნების შესრულებამდე საპროტესტო აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG