Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ საარჩევნო აუდიტს გამოეთიშება


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, აბდულა აბდულა გამოვიდა მუქარით, რომ გამოეთიშება შემოწმების პროცესს, რომელიც უტარდება 14 ივნისს გამართული მეორე ტურის საარჩევნო ბიულეტენებს. აბდულას საარჩევნო გუნდის წარმომადგენელმა, ფაზელ აჰმად მანავიმ ჟურნალისტებს 26 აგვისტოს უთხრა, რომ თუ საარჩევნო უწყების წარმომადგენლები 27 აგვისტომდე არ დააკმაყოფილებენ გუნდის „მოთხოვნებს“, აბდულა პროცესს გამოეთიშება და მას დასრულებულად განიხილავს. მანავის თქმით, ამ დრომდე უგულებელყოფილ იქნა აბდულას მოთხოვნა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ბათილად ცნობილი ბიულეტენების გადაყრა. საარჩევნო პროცესი ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც აბდულამაც და მისმა მეტოქემაც, აშრაფ ღანიმაც, თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს. ბიულეტენების აუდიტის პროცესი, რომელიც აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ნაწილია, ჯერჯერობით არ დასრულებულა. პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ მისი შემცვლელის ინაუგურაცია 2 სექტემბერსაა დანიშნული და ეს თარიღი არ შეიცვლება.

XS
SM
MD
LG