Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: „დღეს რუსეთი ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტად არის იზოლირებული“


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. ვაშინგტონში ჟურნალისტებთან სიტყვით გამოსვლისას, ბარაკ ობამამ თქვა, რომ სწორედ რუსეთი აფინანსებს და აწოდებს სამხედრო აღჭურვილობას სეპარატისტებს უკრაინის ტერიტორიაზე და სწორედ იქ გადიან მომზადებას რუსი მებრძოლები. ობამას შეფასებით, „რუსეთი არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“. მისივე თქმით, ამ ქმედებების საპასუხოდ, აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები გაამკაცრებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მისი აზრით, დღეს რუსეთი ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტად არის იზოლირებული. „მიმდინარეობს კაპიტალის გადინება რუსეთიდან“. აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ სანქციების გავლენას უკვე განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ ამას რუსეთის ტელევიზიები არ გადასცემენ. ობამას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა აშშ-ის ევროპელ პარტნიორებსაც, მათ ესმით, რომ დღეს პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია. ობამას სიტყვებით, ის ვერ ხედავს ვერანაირ მზადყოფნას მოსკოვის მხრიდან, მოაგვაროს ეს კრიზისი დიპლომატიური გზით. პრეზიდენტის ინფორმაციით, მომავალ კვირაში ის შეხვდება ევროპაში ნატოს პარტნიორებს და განიხილავს საკითხებს, თუ როგორ მოემზადონ ნებისმიერი გამოწვევისთვის, შემდეგ კი ის თეთრ სახლში მიიღებს უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.

XS
SM
MD
LG