Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საკითხზე მინსკში გაიმართება სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა


დღეს მინსკში უკრაინის საკითხზე გაიმართება სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ეუთოს წარმომადგენელი, რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხაილ ზურაბოვი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. პოროშენკოს სიტყვებით, მხარეებმა უნდა განიხილონ იმ უკრაინელი ტყვეების გათავისუფლების საკითხი, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ არიან დაკავებულნი. განსახილველ საკითხთა შორისაა ეუთოს მონიტორინგის ჯგუფის მუშაობა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე და ცეცხლის შეწყვეტის ფორმატი. სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მუშაობის განახლება ხელს შეუწყობს დონბასისთვის ეფექტური სამშვიდობო გეგმის შემუშავებას და სიტუაციის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სიტუაციამ დონეცკსა და ლუგანსკში უკვე მიაღწია იმ ნიშნულს, „როცა არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება“, ამიტომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუსხდნენ.

XS
SM
MD
LG