Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძემ და პავლო კლიმკინმა ტელეფონით ისაუბრეს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე


უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაია ფანჯიკიძემ და პავლო კლიმკინმა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის გამო და კვლავ აღნიშნა, რომ საქართველო გმობს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და მხარს უჭერს კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას. მაია ფანჯიკიძემ პავლო კლიმკინს კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინელი ხალხისა და მთავრობისადმი ქართველი ხალხის და ხელისუფლების სოლიდარობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მაია ფანჯიკიძემ უკრაინელ კოლეგას გააცნო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომელიც უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანას და მათ დასვენებას და რეაბილიტაცის ითვალისწინებს. სატელეფონო საუბრისას მაია ფანჯიკიძე და პავლო კლიმკინი ორი ქვეყნის წარმომადგენელთა ვიზიტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და აღნიშნეს, რომ ორმხრივი შეხვედრებისთვის გამოიყენებენ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმსაც. საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ასეთი შეხვედრა უელსში, ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება.

XS
SM
MD
LG