Accessibility links

logo-print

კრემლი: პუტინის სიტყვები „კონტექსტიდან ამოიღეს“


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე საგარეო საკითხებში აცხადებს, რომ ცნობა, თითქოს პუტინმა განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში რუსეთი კიევს ორ კვირაში აიღებს, „კონტექსტიდან იყო ამოღებული და მას სულ სხვა მნიშვნელობა ქონდა.“ ეს ცნობა მედიაში გავრცელდა - რომ პუტინმა ევროკომისიის აწ უკვე მიმავალ პრეზიდენტს, ჟოზე მანუელ ბაროზუს უთხრა, „თუ მოვისურვებ, კიევს ორ კვირაში ავიღებო.“ პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვი აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, ეს მართლა ითქვა თუ არა, ბაროზუს მხრიდან არ იყო სწორი საქციელი კერძო საუბრის დეტალების გახმაურება. უკრაინის მთავრობა, ნატო და დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ მოსკოვმა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედროები მიავლინა და იარაღით მოამარაგა პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები - რომლებმაც მთავრობის ძალებთან ოთხთვიან კონფლიქტში, ბოლო ხანებში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს. ევროკავშირის ლიდერებმა 30 აგვისტოს სამიტზე გადაწყვიტეს, რომ სანქციებს გაამკაცრებენ, თუკი მოსკოვი თავის ჯარისკაცებს არ გაიყვანს.

XS
SM
MD
LG