Accessibility links

logo-print

საქართველოს დელეგაცია ბრიტანეთში იმყოფება ნატოს სამიტთან დაკავშირებით


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს, დიდ ბრიტანეთში იმყოფება ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად. დელეგაციის წევრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ნატოს სამიტზე საქართველო მიიღებს პაკეტს, რომელიც გულისხმობს სამხედრო საწვრთნელი ცენტრის შექმნას, ქვეყნის ტერიტორიაზე ერთობლივ წვრთნებს და ნატოს სამხედრო შესაძლებლობებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლებას. დიდ ბრიტანეთში გამგზავრების წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ნატოს სამიტი კონცენტრირებული იქნება როგორც ალიანსის წევრი ქვეყნების, ისე ამ შემთხვევაში, საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე, თავდაცვის სამინისტროს რეფორმებსა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე. „გარდა ამისა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენ გვქონდეს ქვეყნის დაცვის ადეკვატური შესაძლებლობები“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, ნატოს სამიტისგან საქართველო მოელის დემოკრატიის კუთხით მიღწეული წარმატების აღიარებასაც. ნატოს სამიტი 4-5 სექტემბერს უელსში გაიმართება.

XS
SM
MD
LG