Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართა. გიორგი მარგველაშვილის და ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე შედგა და მხარეებმა ამ სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხრდაჭერისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და განაცხადა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ალიანსი სათანადოდ აფასებს საქართველოს პროგრესს. მან გამოთქვა იმედი, რომ მიმდინარე სამიტი საქართველოს მისცემს ნატო-ში გაწევრების ბიძგს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კი
იმ პაკეტზე ილაპარაკა, რომელსაც საქართველოს ამ სამიტის შედეგად მიიღებს და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი ნატო-ში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად და პროცესის უკეთესად წარმართვისთვის. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტის საბოლოო შედეგი გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობას. შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.

XS
SM
MD
LG