Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატები აპირებენ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა აშრაფ ღანიმ და აბდულა აბდულამ ნატოს ლიდერებს შეატყობინეს, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მას შემდეგ, რაც მოგვარდება უთანხმოება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გარშემო. ამის შესახებ ნათქვამია ნატოს სამიტზე შეკრებილი ლიდერებისათვის გაგზავნილ ერთობლივ მიმართვაში. ამჟამად ავღანეთში გაეროს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს საარჩევნო ბიულეტენების შემოწმება. ეს პროცესი მოჰყვა ბრალდებებს არჩევნების მასობრივი გაყალბების შესახებ. მანამდე, ასევე 4 სექტემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსში დაწყებულ სამიტზე განაცხადა, რომ ახლოვდება თარიღი, როცა ავღანეთის პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს ნატოსთან შეთანხმებას უსაფრთხოების საკითხზე. შეთანხმებით უნდა განისაზღვროს ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცების მცირე ნაწილის დარჩენა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ბოლოს ამ ქვეყანას დატოვებს ალიანსის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედროების უდიდესი ნაწილი.

XS
SM
MD
LG