Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო საქართველოს წევრობისათვის მოამზადებს


ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები უელსში
ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები უელსში

4-5 სექტემბერს ნატოს სამიტი უელსში დასრულდა ტრადიციული კომუნიკეთი, რომელშიც ასახვა პოვა ყველა იმ შეთანხმებამ და რეკომენდაციამ, რომელიც ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად და პარტნიორების გასამხნევებლად მიიღეს ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა.

დოკუმენტის 93-ე მუხლი მხოლოდ საქართველოს შეეხება და მასში ნათქვამია, რომ ნატო საგანგებო პაკეტით გააძლიერებს საქართველოს თავდაცვას და მის ურთიერთქმედებას ალიანსთან, რაც ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების სამზადისში დაეხმარება.

თუმცა კომუნიკემდე, 5 სექტემბერს, უელსის ქალაქ ნიუპორტში ალიანსის შიგნით შექმნილი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწოდა, „ახალი ლიგის“ ერთგვარი ინაუგურაცია გაიმართა.

ბევრია გასაკეთებელი უკვე თვითონ მიღწეული დეკლარაციული შეთანხმებების ცხოვრებაში გასატარებლად, ანუ განსახორციელებლად, და ამაში მთელი საქართველო - მთავრობაც და საზოგადოებაც - ერთნაირად უნდა ვიყოთ ჩართული...
ირაკლი ალასანია

უფრო ზუსტად კი, ეს იყო ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებისა და დაწინაურებული პარტნიორების -შვედეთის, ფინეთის, საქართველოს, იორდანიისა და ავსტრალიის - შეხვედრა. თუ რაზე ისაუბრეს ამ ფორმატის პირველ შეხვედრაზე, ცნობილი არ არის,რადგან ნატოს სამიტის ყველა შეხვედრა დახურულია ჟურნალისტებისათვის. ჟურნალისტებმა დეტალები ვერ შეიტყვეს ვერც ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენისაგან, რომელმაც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დაწინაურებულ ჯგუფში საქართველოს შესვლას აქვს როგორც პოლიტიკური, ისე კონკრეტული განზომილება.

„საქართველომ შემდგომში უნდა გააუმჯობესოს თავისი შესაძლებლობა იმუშაოს და იმოქმედოს ნატოს ძალებთან ერთად. ამ მიმართულებით საქართველომ საგულისხმო ნაბიჯები გადადგა, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. ამიტომ მე მოხარული ვარ, რომ საქართველომ მიიღო მოწვევა იმუშაოს იმ გამორჩეული ქვეყნების ჯგუფთან ერთად, რომლებსაც განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა სურთ ნატოსთან. ცხადია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც დემონსტრირებაა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებისა და კონკრეტული განზომილებაც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ ჯგუფში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო გააფართოებს მის პრაქტიკულ სამხედრო თანამშრომლობას“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა 5 სექტემბერს ნატოს სამიტის საველე პრესცენტრში.

ნატოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ კი სასტუმრო „სელტიკ მანორ რესორტის“ გოლფის მოედანზე თავად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოვიდა, ჟურნალისტებს ნატოს ახალი დაწინაურებული ჯგუფის ინაუგურაცია მოგვილოცა და შემდეგ რადიო თავისუფლებასაც გაესაუბრა.

რადიო თავისუფლება: „ბატონო ირაკლი, ამ ხუთეულს რა აერთიანებთ ერთმანეთთან? იორდანიას ნატოში გაწევრიანება არ სურს, როგორც ცნობილია. შვედეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ემხრობა. ფინეთში შეიძლება რეფერენდუმი ჩატარდეს. მოკლედ, ხომ არ არის ეს ლიგა მუდმივი მეორე ლიგა, რომლიდანაც პირველ ლიგაში, ნატოში, ვერასოდეს ვერ გადავა მისი წევრი ქვეყანა?“

ირაკლი ალასანია: „არავითარ შემთხვევაში! ეს არის ერთადერთი შერჩევა პარტნიორი ქვეყნებისა იმის საფუძველზე, თუ რამდენად თავსებადები არიან ისინი ნატოსთან. ანუ ამით დაადასტურა ნატომ, რომ საქართველო ასპირანტი ქვეყნებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნებისგანაც გამოირჩევა იმით, რომ იგი არის სრულიად თავსებადი ნატოს სამხედრო შეიარაღებულ ძალებთან“.

რადიო თავისუფლება: „თუმცა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ საქართველოს კვლავაც ბევრი რეფორმა აქვს განსახორციელებელი. რას სჭირდება ეს „კიდევ ბევრი რეფორმა“?“

ირაკლი ალასანია: „ბევრია გასაკეთებელი უკვე თვითონ მიღწეული დეკლარაციული შეთანხმებების ცხოვრებაში გასატარებლად, ანუ განსახორციელებლად, და ამაში მთელი საქართველო - მთავრობაც და საზოგადოებაც - ერთნაირად უნდა ვიყოთ ჩართული“.

სამიტის პრესცენტრში მე დავინტერესდი, თუ რას ფიქრობენ ნატოს შიგნით სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში არსებული სხვადასხვა ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნების ერთად ყოფნაზე. ამ ჯგუფში შედის შვედეთი, სადაც დიდი კამათის საგანია ქვეყნის ნატოში გაწევრიანება. მოსახლეობის უმეტესობა არ უჭერს მხარს სამხედრო ბლოკში ყოფნას, რადგან ბევრი შვედი კვლავინდებურად ფიქრობს, რომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა კარგად მუშაობს. სწორედ ასეთი მიდგომა ჰქონდა მხედველობაში ჩემს შვედ კოლეგას სტენ შესტრომს, საზოგადოებრივი რადიოდან, როდესაც თქვა, რომ ხუთეულში შვედეთის მოხვედრა, საბოლოო ჯამში, არ ცვლის „დიდ სურათს“.

სტენ შესტრომი
სტენ შესტრომი

„შვედეთის მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას აფასებს არა როგორც დიდ, არამედ როგორც მცირე ნაბიჯს ნატოში შვედეთის ინტეგრაციის მიმართულებით, რადგან ჩვენ ვართ მხოლოდ ნატოს პარტნიორები, თუმცა მონაწილეობას ვღებულობთ ბევრ სამხედრო ოპერაციაში, როგორიცაა ოპერაციები ლიბიასა და, რა თქმა უნდა, ავღანეთში. ამიტომ, მე ვიტყოდი, შვედეთი არის ახლოს ნატოსთან და ეს დაახლოება სულ უფრო და უფრო მატულობს, რისი კიდევ ერთი მაგალითიცაა ამ ჯგუფის შექმნა. მაგრამ ჩვენთვის ეს დიდ სურათს არ ცვლის“.

ნატოს სამიტის ბოლოს, 5 სექტემბერს, გამოქვეყნდა კომუნიკე, რომლის 93-ე მუხლში დიდი ადგილი ეთმობა საქართველოს მიერ მიღწეულ პოლიტიკურ რეფორმებს, ქვეყნის ჩართულობას ნატოს პროგრამებში და განსაკუთრებულ წვლილს ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში.

დოკუმენტში ნატოს წევრი სახელმწიფოები კვლავ ადასტურებენ ერთგულებას მათ მიერ ბუქარესტში 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ და, საქართველოს მიერ ამ ხნის განმავლობაში ნაჩვენები ძლიერი პროგრესისა და ამბიციური რეფორმების გათვალისწინებით, „ამტკიცებენ სოლიდურ პაკეტს საქართველოსათვის, რაც გულისხმობს თავდაცვითი საშუალებების შექმნას, წვრთნას, ვარჯიშებს, კავშირის გაღრმავებას და ურთიერთმოქმედების შესაძლებლობათა განმტკიცებას“. პაკეტში თავმოყრილმა ამ ზომებმა კი უნდა გააძლიეროს საქართველოს თავდაცვა და ურთიერთთავსებადობა ალიანსთან, დაეხმაროს ქვეყანას, მოემზადოს ალიანსში გაწევრიანებისათვის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG