Accessibility links

logo-print

თბილისში ჩავიდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი 6 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში თბილისში ჩავიდა. ჰეიგელი საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს კვირას, თურქეთში გამგზავრებამდე. იგი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას. ამასთან, ჰეიგელი ესტუმრება კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს, სადაც ქართველ და ამერიკელ სამხედროებს გაესაუბრება. ჰეიგელი თბილისში ჩავიდა უელსში ნატოს სამიტის შემდეგ, სადაც დისკუსიების მთავარი თემები იყო უკრაინის კრიზისი და ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა. სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას სიტყვებს - რომ ჰეიგელის ვიზიტის დროს განიხილავენ შესაძლო დახმარებას, რომლის აღმოჩენაც საქართველოს შეუძლია ექსტრემისტულ ჯგუფთან ბრძოლაში. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს დაკავებული აქვთ ერაყის და სირიის გარკვეული ტერიტორიები. ირაკლი ალასანიამ „როიტერსს“ ნატოს სამიტის კულუარებში განუცხადა, რომ ჰეიგელის თბილისში ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის ნიშანია. ამასთან, ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ გაღრმავდება აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საჰაერო თავდაცვის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG