Accessibility links

მარიუპოლიდან აღმოსავლეთით აფეთქებებზე იუწყებიან


უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მარიუპოლის შემოგარენიდან იუწყებიან, რომ გაიხსნა ცეცხლი და ხდება აფეთქებები - იმ ფონზე, როცა ერთ დღეზე ცოტა მეტი დროა გასული კიევსა და პრო-რუსულად განწყობილ მეამბოხეებს შორის ოთხთვიანი კონფლიქტის შემდეგ საზავო შეთანხმების მიღწევიდან. მარიუპოლში თვითმხილველებმა სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ ტელეფონით აცნობეს, რომ ინტენსიური აფეთქებების ხმა ისმის ქალაქის აღმოსავლეთის შემოგარენიდან, სადაც უკრაინელი სამხედროები მეამბოხეების წინააღმდეგ არიან გამაგრებულნი. მოხალისეთა ბატალიონი, აზოვი, ფეისბუქით იუწყება, რომ მათ პოზიციები „გრადით“ იბომბება, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. მეამბოხეებმა ახლახან საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან აღმოსავლეთით ახალი ფრონტი გახსნეს. ცოტა ადრე უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები აცხადებდნენ, რომ ზავი დიდწილად დაცული იყო. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მან და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განიხილეს გზები „ზავისთვის სტაბილური სახის მისაცემად.“

XS
SM
MD
LG