Accessibility links

logo-print

ჰეიგელი: საქართველოსთან სამხედრო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება


თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ მის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ალასანიასთან შეხვედრაზე განხილულ იქნა „ერთობლივი მიზანი სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდეს სამხედრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის ფონზე.“ ჰეიგელი თბილისში ჩავიდა უელსში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ. როგორც სააგენტო „სივილ ჯორჯია“ იუწყება, ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჰეიგელმა საქართველოს „ერთგული და სანდო პარტნიორი“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოში თავდაცვითი საშუალებების მოდერნიზაციის პროცესს, ისევე როგორც საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი. ჰეიგელის შეფასებით, უელსის სამიტის შედეგები მნიშვნელოვანი ეტაპია ალიანსისკენ საქართველოს გზაზე. ალასანიასთან შეხვედრაზე განხილულ სხვა საკითხებს შორის მან ჩამოთვალა ნატოსთან საქართველოს პარტნიორობის გაღრმავება უელსის სამიტის გადაწყვეტილებების ჭრილში, საქართველოს შესაძლო როლი აშშ-ის კოალიციაში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული ჯგუფის წინააღმდეგაა მიმართული, რეგიონული უსაფრთხოება და აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში. ჰეიგელი აშშ-ის პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც საქართველოს 2003 წლის დეკემბრის შემდეგ სტუმრობს. ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ, ჰეიგელმა გმირთა მოედანზე გვირგვინი მიიტანა საქართველოს დაცემული სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად და შემდეგ ალასანიასთან ერთად ესტუმრა კრწანისის საწვრთნელ ცენტრს, სადაც უკვე ათწლეულზე მეტია აშშ-ის საზღვაო ქვეითები ქართველ სამხედროებს წვრთნებს უტარებენ. დღესვე ჰეიგელი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

XS
SM
MD
LG