Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში თვითმკვლელმა მოიერიშეებმა 10 ადამიანი იმსხვერპლეს


ერაყში სულ მცირე 10 ადამიანი შეეწირა ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ ორი დანაღმული მანქანის აფეთქებას. თავდასხმა მოხდა ქალაქ დულუიაში, რომელიც წინააღმდეგობას უწევს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს. პოლიციის განცხადებით, დაიჭრა სულ მცირე 30 პირი. დულუია ბაღდადიდან 80-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ზაფხულში ის ორი დღით დაიკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტმა მებრძოლებმა, თუმცა შემდეგ ისინი ქალაქიდან განდევნეს. გასულ თვეში ექსტრემისტებს ქალაქის დაკავების მეორე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ისინი კვლავ მოიგერიეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ერაყის ჩრდილოეთში და დასავლეთში საკმაოდ მოზრდილ ტერიტორიას აკონტროლებენ, ისევე, როგორც სირიის გარკვეულ ადგილებს. „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან ერაყის უსაფრთხოების ძალები, შიიტური გასამხედროებული ჯგუფები და ქურთთა ფეშმერგას ძალები, რომლებსაც ბრძოლაში ზურგს უმაგრებს აშშ-ის საჰაერო დარტყმები.

XS
SM
MD
LG