Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდულა აბდულა აცხადებს, რომ არ მიიღებს ხმების დათვლის შედეგებს


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, აბდულა აბდულა აცხადებს, რომ არ დათანხმდება 14 ივნისს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენთა ხელახალი დათვლის შედეგებს. ამასთან, მისი თქმით, მის მეტოქესთან, აშრაფ ღანისთან მოლაპარაკება ერთიანი მთავრობის ფორმირების შესახებ ჩიხშია შესული. „სამწუხაროდ, ხმების დათვლის პროცესმა ლეგიტიმურობა დაკარგაო“ - განუცხადა მან ქაბულში მედიას 8 სექტემბერს და პირობა დადო, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მანამდე აბდულას და მის მეტოქეს, აშრაფ ღანის შორის შეხვედრა გაიმართა ერთიანი მთავრობის ფორმირების გზებზე სასაუბროდ. კანდიდატებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, თუ ვინ მოიპოვა გამარჯვება 14 ივნისს გამართულ მეორე ტურში. ავღანეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ დასრულდა 8 მილიონი ბიულეტენის შემოწმება და ხელახალი დათვლა. შემოწმების საბოლოო შედეგი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, აბდულამ და ღანიმ პირობა დადეს, რომ შემოწმების შედეგებს დათანხმებოდნენ და იმუშავებდნენ ეროვნული ერთიანობის მთავრობის შესაქმნელად.

XS
SM
MD
LG