Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიის პრემიერი: ბოინგი ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო


მალაიზიის პრემიერ-მინისტრის, ნაჯიფ ტუნ რაზაკის თანახმად, ნიდერლანდელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი 17 ივლისს, უკრაინაში ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო. რაზაკის ეს განცხადება გამოქვეყნდა მას მერე, რაც ნიდერლანდის უსაფრთხოების საბჭომ გამოაქვეყნა წინასწარი საგამოძიებო დასკვნა უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე. ბოინგი 777-200 , ამ წინასწარი დასკვნით, ჰაერში დაიშალა, სავარაუდოდ სტრუქტურულ დაზიანების შედეგად, რაც გარედან დიდი სიძლიერით მოძრავი ბევრი ობიექტის შეტაკებას მოჰყვა. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოჰყვა ტექნიკურ უწესრიგობას, ან მფრინავების შეცდომას. ანგარიშის გამოქვეყნება რამდენჯერმე გადაიდო, რადგან რეგიონში მიმდინარე მოვლენები ართულებდა საგამოძიებო პროცესს და ვერ ხერხდებოდა ინფორმაციის გადამოწმება. აგვისტოს შუა რიცხვებამდე 25 გამომძიებლისგან შემდგარი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი უკრაინის ტერიტორიაზე მუშაობდა, შემდეგ კი ანგარიშის შესადგენად ჰააგაში გადაინაცვლა. თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა, უკრაინის აღმოსავლეთში 17 ივლისს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა - 298 კაცი - დაიღუპა. უკრაინის ხელისუფლება და რიგი დასავლური ქვეყნები მიიჩნევენ, რომ თვითმფრინავი შესაძლოა ჩამოაგდეს პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა. სეპარატისტებმა კიდევ ერთხელ უარყვეს, რომ ფლობენ ამ ტიპის იარაღს, რომელსაც თვითმფრინვის ჩამოგდება შეუძლია. არსებობს მონაცემები, რომ რუსეთის მიერ მიწოდებული "ბუკის" ტიპის სარაკეტო სისტემა სეპარატისტთა მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე იყო განთავსებული.

XS
SM
MD
LG