Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს, გააუქმოს გაეროს სამიტზე დასწრების გეგმა


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კვლავაც აპირებს ნიუ-იორკში გამგზავრებას 23 სექტემბერს კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს სამიტზე დასასწრებად. ამავე სამიტს დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც, ამასთან, სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე. 10 სექტემბერს თბილისში გაიმართა პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის შეხვედრა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტის ვიზიტზე მუშაობა გრძელდება. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვიზიტის მომზადებაზე - ვიზიტის მომზადებაზე, ხაზს ვუსვამ - იქნება ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია“, უთხრა პრეზიდენტის მრჩეველმა ჟურნალისტებს. მანამდე მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნება, თუ საქართველო ორი დელეგაციით არ იქნება წარმოდგენილი გაეროში და საამისოდ პრეზიდენტი ვიზიტს გააუქმებს.

XS
SM
MD
LG