Accessibility links

logo-print

ჯონ კერი საუდის არაბეთში მართავს მოლაპარაკებებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რეგიონალურმა პარტნიორებმა 11 სექტემბერს საუდის არაბეთში დაიწყეს მოლაპარაკებები, რაც სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი „ისლამისტური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის მხარდამჭერი კოალიციის შექმნას ითვალისწინებს. წითელი ზღვის საპორტო ქალაქ ჯედაში შეხვედრის ფონია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული სატელევიზიო მიმართვა, რომელშიც ბარაკ ობამამ ისლამისტების წინააღმდეგ „დაუნდობელი“ კამპანიის დაწყების პირობა დადო:

„მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ტერორისტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ემუქრებიან, მივწვდებით და გავანადგურებთ ყველგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ არ მოვერიდები „ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ზომების მიღებას არც სირიაში და არც ერაყში. ეს ჩემი პრეზიდენტობის უმთავრესი პრინციპია: უსაფრთხო ადგილს ვერ ეღირსება ვერავინ, ვინც ამერიკას დაემუქრება“.

ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შეეცდება, სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური ძალისხმევის კოორდინაციაზე დაიყოლიოს თავისი პარტნიორები სპარსეთის ყურის რეგიონში. სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმური წყაროს თანახმად, ჯონ კერი საავიაციო იერიშებში მხარდაჭერასა და „ისლამისტური სახელმწიფოს“ მებრძოლებისათვის საფინანსო არხების გადაკეტვაზე იმსჯელებს.

საუდის არაბეთის გარდა, შეხვედრაში სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ხუთი წევრი სახელმწიფოს (ბაჰრეინის, კუვეიტის, ომანის, ყატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროს), ასევე ეგვიპტის, ერაყის, იორდანიის, ლიბანისა და თურქეთის წარმომადგენლები ღებულობენ მონაწილეობას. ჯონ კერიმ მოლაპარაკებებს „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა.

თეთრი სახლიდან 10 სექტემბერს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში ობამამ განაცხადა, რომ ერაყისა და ქურთისტანის ძალების დასახმარებლად აშშ დამატებით კიდევ 475 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის ერაყში, თუმცა აღნიშნული პერსონალი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს:

„მსურს ამერიკელმა ხალხმა იცოდეს, თუ რით განსხვავდება ეს სტრატეგია ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ომებისაგან. იგი არ გულისხმობს ამერიკელი სამხედრო საბრძოლო დანაყოფების ბრძოლას უცხოეთის მიწაზე“.

ამასთან, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ „ერაყისა და ლევანტის სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „შეუბრალებელ“ კამპანიაში აშშ გამოიყენებს საავიაციო ძალას და დაეხმარება მოკავშირეთა შეიარაღებულ ძალებს სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაში.

აშშ-ის ლიდერის სტრატეგიას მხარი დაუჭირა ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ აბადიმ, თუმცა ირანმა „ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ახალი კოალიციის შექმნის უკან „სერიოზული ორაზროვნება“ დაინახა. კოალიციის ზოგიერთი წევრი „ერაყსა და სირიაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს იარაღითა და ფულით ეხმარებაო“, - განუცხადა ირანის სახელმწიფო ტელევიზიებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარზიე აფხამ. სირიაში მოქმედმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა ძალებმა, თავის მხრივ, მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვეს ისლამისტების წინააღმდეგ გაერთიანებულ ახალ კოალიციას, თუმცა დასძინეს, ისლამისტების წინააღმდეგ მიმართული საავიაციო იერიშები იმ სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის საბოლოო დამხობას გამოიწვევსო. რუსეთი კი აცხადებს, რომ ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლა „აგრესია“ იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე“ .

XS
SM
MD
LG