Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სკოლები პანკისის ხეობაში, რომლებიც ბავშვთა უფლებებს არღვევენ


პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში, მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სოფლის კლუბის შენობაში შეხვდნენ, სოფელ ქორეთში კი შენობა ამორტიზებულია და ალაგ-ალაგ იატაკია ჩამტვრეული. ამ პირობებში 80-მდე მოსწავლე სწავლობს. არასამთავრობო ორგანიზაციები ბავშვთა უფლებების დარღვევაზე ლაპარაკობენ. სამინისტრო პრობლემის მოგვარებას მომავალ წელს გეგმავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონალური განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელის იზა ბექაურის თქმით, წინუბნის სკოლის შენობის ერთ ოთახში სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულმა ორგანიზაციამ რამდენიმე წლის წინ ჩაატარა, თუმცა მდგომარეობა აქ კვლავ მძიმეა. ბექაური ამბობს, რომ სკოლის შენობა სასწავლო პროცესის სრულფასოვნად ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს:

„სოფელ წინუბანში 6-კლასიანი სკოლაა. იქ მდგომარეობა მძიმეა. ჩვენმა ორგანიზაციამ სკოლის ერთი ოთახი გავარემონტეთ და შევიტანეთ კომპიუტერები. სკოლაში ფუნქციონირებს კლას-კომპლექტები. აქ თითო კლასში არიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები. სკოლაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. წელს ბავშვები ისევ გაურემონტებელ ოთახებში შევიდნენ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის ელენე რუცესკაიას თქმით, მსგავს მდგომარეობაში ახმეტის რაიონში არაერთი სკოლაა, მათ შორის ქორეთის ოთხკლასიანი სკოლა, რომლის შენობაც ნგრევის პირასაა. სკოლას არ გააჩნია სველი წერტილი. რუცესკაია ამბობს, რომ სკოლებში არსებული მდგომარეობა ბავშვთა უფლებებს ზღუდავს:

სკოლის შენობა არის ამორტიზებული, არაჯანსაღი და ბავშვებისთვის არ იძლევა სწავლის შესაძლებლობას. გარდა ამისა, სკოლა არ არის შეღობილი და სველი წერტილები არის მოუწესრიგებელი. იმ თვალსაზრისით, რომ სკოლა არ იძლევა განათლების მიღების შესაძლებლობას, ბავშვთა უფლებები ირღვევა“.

პანკისის ხეობაში სკოლების მოშლილი ინფრასტრუქტურა ერთადერთი პრობლემა არ არის. აქ ორივე სოფლის მოსწავლეები დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ იძულებულები არიან სწავლა სოფელ დუისში გააგრძელონ. სოფელ წინუბანში მცხოვრები ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი გვეუბნება, რომ უახლოესი სკოლა მათი სოფლიდან 6 კილომეტრითაა დაშორებული, გზა დანგრეულია, ზამთარში კი ტრანსპორტით გადაადგილება - შეუძლებელი და სახიფათო:

„მე მშობელი ვარ და სერიოზულად განვიცდი ჩემი შვილების მომავალს. ეს სოფელი არის ძალიან მიუდგომელი. როდესაც ცუდი ამინდია, განსაკუთრებით კი ზამთარში, გადაადგილება შეუძლებელია. არ დადის ტრანსპორტი. ბავშვებს მეექვსე კლასიდან მე-12 კლასამდე სკოლაში სიარული მეორე სოფლის - დუისის - სკოლაში უწევთ. ზამთარში კი გზა იმდენად ცუდია, რომ მათი სკოლაში წასვლა საშიშია“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, რომ სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ შესწავლილი იქნა ყველა ის სკოლა, რომელიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ასათიანმა განაცხადა, სოფელ წინუბნის სკოლის რეაბილიტაცია 2015 წელს განხორციელდება.

„სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მთელი საქართველოს მასშტაბით მოახდინა კვლევა და გამოავლინა სკოლები, სადაც პირველ ეტაპზე უნდა ჩატარებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება სოფელ წინუბანის სკოლას, მას რეაბილიტაცია 2015 წელს ჩაუტარდება“.

სოფელ წინუბნისა და ქორეთის საჯარო სკოლებში 80-მდე 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვი სწავლობს. მათ დახმარებას განათლების სამინისტრო წლებია ვერ ახერხებს. ამჯერად კი დაპირებაა, რომ სკოლებს რებილიტაცია 2015 წელს ჩაუტარდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG