Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში განიხილეს ჟენევის დისკუსიის 29-ე რაუნდის დღის წესრიგის საკითხები


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მომავალი, 29-ე რაუნდის დღის წესრიგის საკითხებზე თბილისში შეხვედრისას იმსჯელეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება წინა, 28-ე რაუნდის ჩაშლის გამო და აღნიშნა, რომ ცალსახად მიუღებელია დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია კონსენსუსის საფუძველზე შეთანხმებული ფორმატისა და დღის წესრიგის წინააღმდეგ. შეხვედრისას განიხილებოდა ნაბიჯები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება სამომავლოდ მოვლენების მსგავსი განვითარების თავიდან აცილება და დისკუსიის შემდეგი რაუნდების ჩვეული ფორმატით ჩატარება. თბილისის პოზიციაა, რომ აუცილებელია სამუშაო ჯგუფების შეუფერხებლად ფუნქციონირება და განხილვა ისეთი ძირითადი საკითხებისა, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება და დევნილთა დაბრუნება. ჟენევის დისკუსიის 29-ე რაუნდი 7-8 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG