Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება ამკაცრებს იარაღის შეძენა-შენახვის წესებს


იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა მოამზადეს იარაღის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმად გამკაცრდება იარაღზე წვდომის წესები და სასჯელი მათი დარღვევისთვის. თეა წულუკიანის განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად დღეს დადგენილი 18 წლის ასაკის ნაცვლად პირი 23 წლის უნდა იყოს, სპორტული, გაზის და სანადირო იარაღის შემთხვევაში კი 21 წლამდე ასაკობრივი ზღვარი დაწესდება. გარდა ამისა, ყველა პირი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნებართვა სურს, ვალდებული იქნება ჩააბაროს გამოცდა და ამასთან, სპეციალურად შემოწმდება, რათა ნებართვები გაიცეს პირის სანდოობისა და ფსიქიური თვისებურებების მიხედვით. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით შეიცვლება იარაღის შენახვის წესიც, კერძოდ, ნებართვის მქონე პირმა ცეცხლსასროლი იარაღი დაშლილ მდგომარეობაში უნდა შეინახოს. რაც შეეხება კანონის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულ სასჯელს, თეა წულუკიანის თქმით, პირი, რომელიც იარაღს უკანონოდ შეიძენს, ან შეინახავს სამის ნაცვლად ოთხწლიანი პატიმრობით დაისჯება, ხოლო იარაღის უკანონოდ ტარება იქნება უკვე არა ნაკლებად მძიმე, არამედ მძიმე კატეგორიის დანაშაული და მისთვის გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა 4-დან 6 წლამდე. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე ვერავინ მოიპოვებს ნებართვას, თუკი ის წარსულში მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.

XS
SM
MD
LG